logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

1768913400

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. 

კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე კვირის  წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

გამოგვყევით