სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთს ხვდება და საქმიან ურთიერთობაში შედის. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გადაცემა ღამის "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, რეფორმის შემდეგ ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია მხოლოდ ბაზრის კვლევის ჩატარება არ იქნება.
მონიტორინგის სისტემის შესახებ ლევან ჟორჟოლიანი დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სააგენტო მათ შორის ტექნიკურ დავალებას შეამოწმებს.
"სახელმწიფო შესყიდვები ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთს ხვდება და საქმიან ურთიერთობაში შედის. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმის მთავარი მიზეზი სამწუხარო პრაქტიკები იყო, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ეს ყველაფერი არც გუშინ და არც გუშინწინ არ დაწყებულა, წლების განმავლობაში პრობლემები გროვდებოდა, რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ საქმეც კი არის აღძრული. შესაბამისად, გადავწყვიტეთ რომ ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო დაგვეფუძნებინა. მხოლოდ სააგენტოს დაფუძნება საკმარისი არ არის, ასევე აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით შინაარსობრივი რეფორმები მიგვეღო.
ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია მხოლოდ ბაზრის კვლევის ჩატარება არ იქნება. კერძოდ, მოდელი რომ წარმოვიდგინოთ კონკრეტული სამინისტრო დაუკვეთავს ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს კონკრეტული საქონლის, ან მომსახურების შეძენას. სააგენტო მათ შორის ტექნიკურ დავალებას შეამოწმებს, მაგალითად, რომელიმე კონკრეტულ ბრენდზე, ან კომპანიაზე მორგებული ხომ არ არის, შემდეგ კი შესყიდვის, ბაზრის კვლევის პროცედურას განახორციელებს. ამასთან, გააკონტროლებს მიწოდება და შესრულება ხელშეკრულების შესაბამისი იყოს. ჩვენი მიზანია სახელმწიფომ საბაზრო ღირებულება გადაიხადოს", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
ლევან ჟორჟოლიანი გამჭვირვალობის საკითხსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ახალ პროგრამაში შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია აბსოლუტურად გამჭვირვალედ იქნება.
"რაც შეეხება გამჭვირვალობას - ელექტრონული შესყიდვების ნაწილში ახლაც უზრუნველყოფილია. შესყიდვების სააგენტო კონსოლიდირებულ ტენდერებს აცხადებს, ჩვენ პრობლემა ბაზრის კვლევასთან გვქონდა. ვაშენებთ მოდულს - ახალ პროგრამაში შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია აბსოლუტურად გამჭვირვალედ იქნება. ბიზნესს სუბიექტს თუკი რამის დაზუსტება მოუნდება კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციიდან ავტომატურად პასუხს მიიღებს. ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი უნიკალური მეილი, ანგარიში ექნება, საიდანაც სისტემას გამოიყენებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ქართული ნოუ-ჰაუ. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ბევრგან არის შესყიდვების ელექტრონული მოდული, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად ჩვენთან დაინერგება", - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე ნახევრიდან ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება ამოქმედდება. ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება. მისი თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ასევე განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.