logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს სახელი ალპების მთებში - Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

საქართველოს სახელი ალპების მთებში - Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

1771929131

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, ავსტრიის მთებში საქართველოს სახელით შეჯიბრება გაიმართება. ტურის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ Georgia Pro 2026, მხოლოდ მიმდინარე სეზონზე, ავსტრიაში, კერძოდ კიუჰტაი-ინსბრუკში ჩატარდეს.

შეჯიბრება 26 ან 27 თებერვალს არის დაგეგმილი, ზუსტი თარიღი კი საბოლოოდ  მთის პირობების მიხედვით დადასტურდება. რაიდერებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ იმ ქულებისთვის, რომლებიც თავდაპირველად საქართველოში, სვანეთში უნდა მოეპოვებინათ.

საქართველოში, თეთნულდის მთაზე გასამართი შეჯიბრება, ოფიციალური დელეგატებისა და მთის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე, არასტაბილური თოვლის საფარის გამო გაუქმდა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ განსაზღვრულ პერიოდში არსებული ბუნებრივი პირობები არ იძლეოდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების სრულ გარანტიას. ,,ემ თი ეი"-სა და FWT-ისთვის მთავარი პრიორიტეტი მაღალი სტანდარტების დაცვა და მონაწილეთა უსაფრთხოებაა.

უამინდობის ან არასტაბილური თოვლის საფარის გამო ფრირაიდის მსოფლიო ტურის შეჯიბრებების გადადება ან გაუქმება საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათი არ არის. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ფრირაიდის მსოფლიო ტური საქართველოს მომავალ სეზონზე კვლავ დაუბრუნდება. ღონისძიება 2027 წლის ზამთარში ისევ სვანეთში გაიმართება.

საქართველო უკვე მესამე წელია ფრირაიდის მსოფლიო ტურის ოფიციალურ კალენდარშია წარმოდგენილი და იმ ექვს წამყვან ქვეყანას შორის შედის, რომლებსაც ტურის ჩატარების ექსკლუზიური უფლება აქვთ: საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო.

საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურის ეტაპს პირველად 2024 წელს უმასპინძლა. ტურის დამფუძნებლების შეფასებით, ღონისძიება არამხოლოდ წარმატებული, არამედ ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად დასახელდა. სვანეთი საერთაშორისო ფრირაიდის რუკაზე ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოჩენის ადგილი.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მაღალმთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს და ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ და სანახაობრივ სპორტად ითვლება.

გამოგვყევით