საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისია შექმნა. ამის შესახებ 30 დეკემბრის განკარგულებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში არიან:
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის წევრი;
დავით სონღულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;
ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი;
მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,კომისიის წევრი;
ლევან ჟორჟოლიანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი;
ირაკლი ლექვინაძე – სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
შეგახსენებთ, 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.