ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის ინიციატივაა, თამბაქოსა და აიქოსზე აქციზის გადასახადის გაზრდით მიღებული შემოსავალი ონკოლოგიური პროგრამების გაძლიერებას მოხმარდეს.
“დაანონსდა ინფორმაცია, რომ ვაპირებთ აქციზის გაზრდას თამბაქოსა და აიქოსზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ ონკოლოგიური დაავადებები ძალიან მძლავრადაა მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, სადაც მილიონობით ლარი იხარჯება ყოველწლიურად და ეს ციფრი მზარდია. თამბაქოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. ხომ არ იქნება მიზანშეწონილი, ეს თანხები მიმართული იყოს ჩვენი ონკოლოგიური და გულსისხლძართვა პროგრამების გაძლიერებაზე”, - მიმართა ზაზა ლომინაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს სესიაზე.
მინისტრის მოადგილემ კი, დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ რომელიმე შემოსავლის კონკრეტულ ხარჯზე მიბმა ბიუჯეტის დაგეგმვის პრინციპებს არღვევს.
“შინაარსბრივადაც არასწორია, რომ თითოეული შემოსავალი მივაბათ ამა თუ იმ ხარჯს”, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზის გადასახადის გაზრდას გეგმავს. „მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და „აიქოსის“ შემთხვევაში, გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც „აიქოსის“ შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრის ოდენობის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.