logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ევროკომისარს სურს, რომ იქნებ, შევძლოთ და ენერგეტიკული ბირჟა გავხსნათ"

ევროკომისიას სურს საქართველომ ელექტროენერგიის ბაზარი გახსნას. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა შენიშვნები ჰქონდა ევროკომისარს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს ძირითადად, ბირჟის ამოქმედებას და ბაზრის გახსნას უკავშირდებოდა.

„რაც შეეხება ზოგადად, შენიშვნას - ამას შენიშვნას ვერ დავარქმევდი, უფრო სურვილს, იმისა, რომ იქნებ შევძლოთ და ელექტროენერგიის ბირჟა, ბაზარი გავხსნათ. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვილაპარაკეთ და ჩვენც, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამას. ჩვენ ავუხსენით მიზეზები ჩვენს პარტნიორებს და არა მხოლოდ გუშინ - არამედ პროცესია, რომელშიც თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები.

კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ მოვძებნოთ გარკვეული ფორმა, რომ აღნიშნული ბაზარი გაიხსნას. ბაზრის გახსნის ძირითადი დამაბრკოლებელი გარემოება ისევ და ისევ, გახლავთ დღევანდელი სიტუაცია და ვითარება, რაც შექმნილია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის გარშემო, და ის, რომ ამ მიზეზების გამო არ ჩამოყალიბდეს გარკვეული სპეკულაციური ფასები. ეს არის გადავადების მიზეზი, თუმცა, ყველა ვხვდებით, რომ ბაზრის გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში არის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ, ახლა ასეთი პერიოდია და ისინიც გვეთანხმებიან. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ კიდევ, დამატებით ვიფიქროთ, რომ სანამ გაიხსნება სრულად თავისუფალი ბაზარი, გარკვეულ ეტაპზე წინ წავიწიოთ“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბაზრის გახსნას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს - გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანი ფასის ჩამოყალიბება და ინვესტორებისთვის - სამართლიანი გარემო და გრძელვადიანი ინვესტიციის დაგეგმვის საშუალება.

„მაგრამ, ამის საპირწონედ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ გავხსენით ბაზარი და იყო ძალიან კონკრეტული და მნიშვნელოვანი მიზეზები ამისთვის, ჩვენ CFD მექანიზმი დავაფუძნეთ, რომლითაც უკვე გვაქვს შედეგები - იყო ამის აღიარება და არ დაიშურეს სიტყვები ამ წარმატების აღიარებისთვის ჩვენმა კოლეგებმა, რომ საკმაოდ წარმატებული იყო პირველი აუქციონი“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ „ბიზნესპარტნიორში“.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის შემდეგი შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

გამოგვყევით