logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას

1725953346

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება ბოლო წლების განმავლობაში სფეროში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.

„ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით.

ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას -2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები.

წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის, 14911 მლნ.კვტ სთ-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში.

2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით