logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ოქროს ღირებულება, შესაძლოა, 2700 დოლარამდეც კი გაიზარდოს" - ძვირფასი მეტალის ფასი რეკორდებს ხსნის

საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს. დღეისათვის, 1 უნცია ოქროს ღირებულება 2,579 დოლარს შეადგენს.

როგორც   Galt & Taggart -ის უფროსმა ანალიტიკოსმა სერგი ყურაშვილმა  „ბიზნესპარტნიორს“  განუცხადა, 2024 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, ძვირფასი მეტალი 21%-ითაა გაძვირებული.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ოქროს მიერ ახალი რეკორდის დამყარება, არცთუ ისე უჩვეულო ამბავია. შესაბამისად, არც აგვისტოს თვე იყო ამ მხრივ გამონაკლისი და სწორედ ამ პერიოდში, ოქროს ღირებულებამ პირველად გადაკვეთა 1 უნციაზე 2500 დოლარიანი ნიშნული“, - აღნიშნა სერგი ყურაშვილმა.

რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც ძვირფასი მეტალის ფასი რეკორდულად გაიზარდა, ანალიტიკოსები შემდეგ ფაქტორებს ასახელებენ - ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი შესყიდვები, ასევე აზიელი ინვესტორების, განსაკუთრებით კი ჩინელი ინვესტორების გააქტიურება.

„გააქტიურებულები არიან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებიც, რომლებიც საკუთარი პორტფოლიოს გამდიდრებას ოქროთი ცდილობენ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოქროზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, ჯერ ფასების ზრდა დასრულებული არ არის. ამასთან, მსოფლიოში კვლავ არსებობს არაერთი გეო-პოლიტიკური რისკი, კვლავ რჩება კონფლიქტის კერები“, - აღნიშნა Galt & Taggart -ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

ძვირფასი მეტალის ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნებიც. მათ შორის აშშ-ში, სადაც მიმდინარე მოვლენები, როგორც წესი, ოქროს ფასებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგიერთი საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ ძვირფასი მეტალის ღირებულება 2025 წელს, შესაძლოა, 2700 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს ასახვა უკვე ჰქონდა ქართულ ბაზარზე. ადგილობრივ კომპანიებში ამბობენ, რომ მათ შესასყიდი სუფთა ოქრო, ბოლო თვეებია, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. მათივე ინფორმაციით, თუ ივლისში 1 გრამი სუფთა ოქროს შესყიდვის ფასი 217-218 ლარი იყო, დღეს მისი ღირებულება მწარმოებლებისთვის 220- 221 ლარია.

გამოგვყევით