ქობულეთში მდებარე სასტუმრო-კომპლექსი "შატო კვირიკეს" სტუმრების 80% ზაფხულის სეზონზე ადგილობრივი ტურისტები იყვნენ, - ამის შესახებ ტურისტული ობიექტის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ადგილობრივი ტურისტები უცხოეთში დასვენებას საქართველოს არჩევენ.
"საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი იყო როგორც "შატო კვირიკესთვის", ისე "შალე კვირიკესთვის" მიუხედავად იმისა, რომ "შალე კვირიკე" სატესტო რეჟიმში გაიხსნა, ჩვენ მაინც სტუმარი არ მოგვკლებია. რაც შეეხება "შატო კვირიკეს" ივნისიდან დღემდე, შარშანდელთან შედარებით სასტუმროს გაყიდვები 80%-მდე გაიზარდა. ჩვენ განვავითარეთ სასტუმროს გაყიდვების პოტენციალი მარკეტინგული ქმედებებით და სააქციო პროგრამების კუთხით. მაგალითად, აგვისტოში სასტუმრო 92%-იან დატვირთვაზე გავიდა. ძირითადი ნაკადი იყო ქართველი მომხმარებლები. ასევე, დსთ-ს ქვეყნებიდან, მცირე პროცენტი იყო სომხეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, თუმცა როგორც აღვნიშნე დამსვენებლების 80% ქართველები იყვნენ.
ქართველებისთვის საინტერესო იყო როგორც "შალე კვირიკე", ისე "შატო კვირიკე". პანდემიამ თავისი ქნა და ქართველი დამსვენებლების რიცხვი პანდემიის შემდეგ იზრდება", - აცხადებს ლელა წულუკიძე.
"შატო კვირიკეს" გენერალური მენეჯერი შემოდგომის აქტიურ სეზონს ელოდება.
"შემოდგომის პერიოდი ე.წ. ქორწილების სეზონია და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული სეზონიც დატვირთული იქნება", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.
გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.