logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ტურისტულმა ნაკადებმა მოიმატა აზიის ქვეყნებიდან, მათ  შორის, ჩინეთიდან - ICR ჯგუფი

2024 წელს წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში უფრო დაბალმხარჯველუნარიანი  ტურისტები ჩამოვიდნენ და, რა თქმა უნდა, დახარჯული თანხების რაოდენობაზე აისახა, - ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

მისივე თქმით, ტურისტული ნაკადები შემცირდა ევროპიდან და გაიზარდა აზიის ქვეყნებიდან.

"შარშანდელ წელთან შედარებით საშუალო ქვითრის მაჩვენებელი შემცირებულია იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტების კატეგორია შეიცვალა. წინა წელთან შედარებით, წელს უფრო დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს აისახა დახარჯული თანხების რაოდენობაზე. ტურისტული ნაკადები შემცირდა ევროპული ქვეყნებიდან და მოიმატა აზიის ქვეყნებიდან, მათ  შორის, არაბული ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ხალხის რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ მეტი ფული არ დახარჯულა", - აღნიშნა მან.

კახა ხაზარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანა დაპაუზებულია, რადგან ინვესტორებმა მოახლოებული არჩევნების გამო, მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გადადეს.

"8 თვის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჩვენებლები არ შეცვლილა. გაყიდვების კუთხით არანაირი ცვლილება არ არის და შარშანდელის მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება.  თითქმის ყველა ინვესტორი ელოდება არჩევნებს, მანამდე ახალი პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებენ. 

გლობალურად პრობლემაა ეკონომიკაში მთელ მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უდგებიან ინვესტორები ამ საკითხს და განსაკუთრებით არჩევნებზე აქვთ სწორება.  იმ ბრენდებთან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არ იყვნენ და ჩვენ რაღაც კომუნიკაციას ვაწარმოებდით, ყველამ  წლის ბოლომდე დაგვიპაუზა მოლაპარაკებები", - აცხადებს კახა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

მათ შორის, ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: "ჯეოქსი" (იტალია), "ეკკო" (დანია), "ბატა" (იტალია), "ბამბინო" (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: "ეკკო","ჯეოქსი","ბატა", "ნატურინო", "სტარი" და სხვა), "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith, Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata, Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), "კორსო იტალია", "ავ-ლაბი" ("ბატას" ჯგუფის წევრი). 

გამოგვყევით