თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით ჯაიანის შეფასებით, ნებისმიერი მიმართულებით, რაც უფრო კომფორტული ხდება მგზავრობა, საქალაქო ტრანსპორტს მით მეტი ადამიანი იყენებს.
როგორც დავით ჯაიანი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, თბილისში ტრამვაის ხაზის ამოქმედება სატრანსპორტო ნაკადებზე დადებითად აისახება და სამანქანო საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.
"მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთი მიმართულებით შემოფარგლული პროცესი არ არის - რამდენიმე კომპლექსური და გრძელვადიანი მიმართულების ერთობლიობაა. ტრამვაის პროექტთან დაკავშირებით, მთლიანობაში საპროექტო ვადა 36 თვეს შეადგენს. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ტრამვაის ხაზის ამოქმედება სამანქანო ზოლების შეფერხებას არ გამოიწვევს. პირიქით, ყველა ადამიანი, რომელიც ტრამვაით ისარგებლებს, შეამცირებს იმ სატრანსპორტო ნაკადს, რომელიც საბოლოო ჯამში სამანქანო საცობს ქმნის.
18 მეტრიანმა ავტობუსებმა, რომლებსაც საორიენტაციოდ 150-160 ადამიანი გადაჰყავს აღმოფხვრა ის პრობლემა, რომელიც გაჩერებებზე მგზავრის მოცდასთან დაკავშირებით არსებობდა. ამასთან, მომავალ წელს ახალი 200 ავტობუსის შემოყვანას ვაპირებთ. ამ ეტაპზე, საშუალო სიგრძის 10-12 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანაზეა საუბარი", - განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, 16 ივლისს თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დიდი დიღმიდან მეტროსადგურ "დიდუბესთან" დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზით სარგებლობა სამი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულმა საწარმომ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, პროექტი ₾288 მლნ დაჯდება.