logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

საავტომობილო თხევადი გაზი გაიაფდება - ასოციაცია

თხევადი გაზის იმპორტიორები უახლოეს პერიოდში ფასების შემცირებას პროგნოზირებენ. როგორც თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, სექტემბრის პირველ ნახევარში დაფიქსირებული  პიკური ფასის შემცირება ეტაპობრივად მოხდება და საავტომობილო გაზის ღირებულება გაზაფხულისთვის კვლავ მის მინიმალურ ნიშნულს მიაღწევს, რაც ნიშნავს იმას რომ თხევადი გაზის  ფასი საშუალოდ კვლავ  1 ლარი და 10 თეთრი გახდება.

„სექტემბრის ბოლოს უკვე იწყება ფასების შემცირება. ეს ყოველთვის ასე ხდება ამ ეტაპზე თხევადი გაზის მიწოდება ბაზრისთვის შემცირებულია. ბოლო პერიოდში 50 თეთრის ფარგლებში არის მომატებული, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა და ეს ეტაპობრივად დასტაბილურდება. ზოგადად, მარტსა და აპრილში მინიმალური ფასი არის ხოლმე ბაზარზე. წელსაც, როგორც გასულ პერიოდში სექტემბერი იყო პიკური, ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა სექტემბრის პირველ ნახევარში."- აღნიშნა ნიკა ხოფერიამ. 

ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ საავტომობილო გაზის  დეფიციტი 15-20 რიცხვიდან აღარ იქნება.

„დეფიციტი აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბრის პირველ ნახევარში იყო. ეს პრობლემა 15-20 რიცხვიდან აღარ იქნება და შესაბამისად, მოხდება ფასის კლებაც.“- აღნიშნა ნიკა ხოფერიამ.

ცნობისთვის, საავტომობილო თხევადი გაზი უკვე რამდენიმე თვეა ეტაპობრივად ძვირდება და  ცოტა ხნის წინ  გაზგასამართ სადგურებში პიკური ფასი დაფიქსირდა. ერთი ლიტრი თხევადი გაზის ღირებულება 1 ლარსა და 85 თეთრს აღწევს. ზოგიერთ სადგურზე კი ფასი 1 ლარი და 90 თეთრიც კია. იმპორტიორები ეგრეთ წოდებული LPG-ის გაძვირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.

როგორც ხოფერია აცხადებს,  რუსეთში, საიდანაც საქართველოში ხდება თხევადი გაზის იმპორტი,  მწარმოებელი ქარხნების ნაწილი დაბომბილი და დაზიანებულია. ამის ფონზე კი შეიქმნა დეფიციტი, რაც მისივე განმარტებით ბუნებრივია. ეს ფაქტი  ქართულ ბაზარზეც მყისიერად აისახა. დეფიციტი ჭარბმა მოთხოვნამაც გაამწვავა.

როგორც ნიკა ხოფერია განმარტავს, აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში, როცა საქართველოში ავტომობილების გრძელ მანძილზე შიდა გადაადგილება პიკს აღწევს, მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. ამ ორმა ფუნდამენტურმა ფაქტორმა კი საავტომობილო თხევადი აირი გააძვირა.

გამოგვყევით