logo
Loading data...

სემეკის გადაწყვეტილებით შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ ₾6 მლნ-ს უკან დაუბრუნებს

სემეკის გადაწყვეტილებით შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ ₾6 მლნ-ს უკან დაუბრუნებს

1707404887

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში  6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება. სემეკმა კომპანიას გადაწყვეტილების შესასრულებლად 5 თვიანი ვადა მისცა.

გარდა ამისა, სემეკის დავალებით კომპანიამ, ჯამში 10 251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა  ხანდაზმული დავალიანება და  მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები,  ჯამში  995 371  ლარის ოდენობით.

ამასთანავე,  სემეკმა  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 75 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

2023 წლის აგვისტოში სემეკში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა შეისწავლა 2019 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რიგ შემთხვევებში ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ტარიფების არასწორ დარიცხვას, არასრულყოფილად აღრიცხავდა სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებლებს,  სისტემატურად არ იღებდა მრიცხველების ჩვენებებს და მომხმარებლებს არ არიცხავდა წყალმომარაგების საფასურს, არ ანახლებდა სამოქალაქო რეესტრიდან მისაღებ მონაცემებს, მომხმარებლებს არასწორი მონაცემებით აწვდიდა ქვითრებს. ამასთანავე, გამოვლინდა მიერთების ვადის გადაცილებისათვის კომპენსაციის არასწორად დარიცხვის ფაქტები, მიერთებებისა და სემეკის ელექტრონულ  ჟურნალში მიერთებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არასწორად აღრიცხვა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი აღრიცხვის კვანძების კომპანიის ბაზაში რეგისტრაციის არ არსებობა, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით შექმნილი რუკების გამოუყენებლობა, სემეკის N37/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შეუსრულებლობა,  მრიცხველის წამკითხველების ბაზების გაუმართაობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სემეკის N24/3 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას დაევალა განსაზღვრულ ვადებში კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. სემეკის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება დამატებითი საჯარიმო სანქციები.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით