2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს.
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია. 2025 წლის 6 თვეში 765 812 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 146 271პოლისი იყო გაყიდული.
2025 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (148 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (137 მლნ ლარი) , მესამე ადგილზე კომპანია “ალდაგი“ (125 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა “იმედი L” (82 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტი“ (64 მლნ ლარი) იკავებს.
ანალოგიურ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაი“ (73 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა "თიბისი" (55 მლნ ლარი), მესამეზე კი ალდაგი“ (45 მლნ ლარი) იკავებს. მეოთხე ადგილს " იმედი L" (43 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთე ადგილს კი “არდი” (33 მლნ ლარი).
2025 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 98.1 მილიონი ლარით და ბაზრის 26% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" – 71.1 მლნ ლარით (ბაზრის 19%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია "არდი" - 49.9 მლნ ლარით (ბაზრის 13%), მეოთხე ადგილზე "თიბისი" იყო - 36.9 მლნ ლარი (ბაზრის 10%), მეხუთე ადგილზე კი "ბენეფიტი" – 36.0 მლნ ლარი (ბაზრის 10%).
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 40.1 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 26% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 33.4 მლნ ლარით (ბაზრის 21%), ხოლო მესამეზე კი “ჯიპიაი” 20.9 მლნ ლარით (ბაზრის 13%).
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 96 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 48.8 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 51% მოდის. მეორე ადგილზეა „თიბისი“ 19.2 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე “ირაო” 9.3 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 63 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 6 თვეში 28.8 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 46% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 18 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი “იმედი L” - 5.7 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 18 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი “ალდაგს” უჭირავს - 9.6 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 53%, მეორე ადგილზე “ჯიპიაი” 3.2 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას “თიბისი” იკავებს - 1.7 მილიონი ლარით.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.