საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს.
მონეტების რეალიზაცია 2025 წლის 10 მარტს 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება შემდეგი პირობებით:
tkt.ge პლატფორმაზე მონეტების შეძენა რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 3 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. Tkt.ge-ის პლატფორმიდან მონეტის შეძენის შემთხვევაში სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
- მიწოდების ღირებულება - თბილისის შემთხვევაში 7 ლარი, რეგიონების შემთხვევაში 20 ლარი;
- დაზღვევის ღირებულება - მონეტის სარეალიზაციო ფასის 0.4% (0.44 ლარი);
- ვებგვერდის მომსახურების საკომისიო - მონეტის სარეალიზაციო ფასის 6% (6.60 ლარი).
მონეტის შეძენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: support@tkt.ge, ტელ: 032 2 19 55 77.
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართებზე:
- საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 2 (კახეთის გზატკეცილი 72), სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;
- ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო საათები ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00;
2025 წლის 13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთვევაში, მისი რეალიზაცია სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდანაც https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.
მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა.
მონეტის ავერსზე გამოსახულია მოთხილამურის გამოსახულება და ნომინალის დასახელება „5 ლარი“ (ფერადი დეტალები) დათოვლილი მთის ფონზე. კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ და „ბაკურიანი 2025“, ერთმანეთისგან გამოყოფილი ფიფქებით.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო“, “Georgia”, რომელთა შორის დატანილია ფიფქები.
მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2025
საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტს ინიციატივისა და მონეტის დიზაინის ესკიზის მოწოდებისათვის.