შპს "დომუს დეველოპმენტმა" შპს "დომუს სისაიდის" 50%-იანი წილი იყიდა. შესაბამის კონცენტრაციაზე თანხმობა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) გასცა.
სააგენტოს ინფორმაციითვე, სამშენებლო-დეველოპერული ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზრის მოცულობა შეადგენდა 3 127 143 000 ლარს. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 300-მდე ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფი. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე უტოლდებოდა 588.7 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი HHI იზრდება მხოლოდ 2.23 პუნქტით 590.9 ერთეულამდე. ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციით გამოწვეული ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი - უმნიშვნელო.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
"GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) 4 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება შპს "დომუს დეველოპმენტს" და შპს "დომუს სისაიდს", სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "დომუს დეველოპმენტი" 2007 წელს, თბილისში დაფუძნდა და 100%-იანი წილის მფლობელი შპს "დომუს ჯგუფია", სადაც წილები ასე ნაწილდება: 40%-იანი წილით - ალექსანდრე კორძახია, რომელიც ასევე შპს "დომუს დეველოპმენტის" დირექტორია, 20%-იანს წილებს კი ფლობენ გიორგი გიორგაძე,ალექსანდრე შაიშმელაშვილი და ბაადურ ურუშაძე.
რაც შეეხება შპს "დომუს სისაიდს", ის ბათუმში, 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 50%-ის მფლობელი შპს "სფრინგ კონსტრაქშენია", დანარჩენ 50%-ს კი შპს "დომუს დეველოპმენტი" ფლობს.