მიმდინარე წელი ზრდადი ტენდენციებით დაიწყო. იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, მაჩვენებლები 5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "სინომი რითეილის" ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიისთვის გასულ წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, "სინომი რითეილის" გაყიდვები 2024 წელს 7%-ით გაიზარდა.
"2025 წელს გაყიდვების ზრდა სწორედ 4-5%-ით გვქონდა დაგეგმილი. ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევიდან გამომდინარე, წელს ბიუჯეტირებას უფრო ფრთხილად ვუდგებით", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
გარდა ამისა, "სინომი რითეილის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, სექტორი, წელს ინვესტიციების განხორციელებისგან თავს შეიკავებს და მსხვილ პროექტებს მომდევნო, 2026 წლისთვის გადადებს.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საერთაშორისო ჯგუფი ვართ და სხვადასხვა ბრენდთან მუდმივად ვმუშაობთ. თუ ბრენდთან ხელი მოვაწერეთ ფრენჩაიზ ხელშეკრულებას ის ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში შედის, შესაბამისად, ეს პროცესი საქართველოსგან დამოუკიდებლად მუდმივად მიმდინარეობს, უბრალოდ საქართველოში როდის შემოვა ახალი ბრენდები, ამას ადგილობრივი მენეჯმენტი სიტუაციიდან გამომდინარე ვწყვეტთ. წელს უფრო თავშეკავებულები ვიქნებით, თუმცა თუ რაიმე კარგი საინვესტიციო ვარიანტი შეიქმნა, შესაძლოა, უარიც არ ვთქვათ. ზოგადი განწყობა ასეთია, რომ 2025 წელს უფრო მეტად არსებული პორტფელის მართვას, საოპერაციო გაჯანსაღებას და ეფექტურობის გაზრდას მოხმარდება. საინვესტიციო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ვცდილობთ, შევხედოთ სიტუაციას და 2026 წლისთვის მოვემზადოთ", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
რაც შეეხება პროდუქციის ფასებს - რევაზ მაღალაშვილის ცნობით, პროდუქციაზე ფასები ჯერჯერობით არ გაზრდილა, თუმცა თუ გაცვლითი კურსის გაუარესება გაგრძელდა, ეს აუცილებლად მოხდება.
"ჯერჯერობით იგივე ფასები ნარჩუნდება და არ დაკორექტირებულა. ბუნებრივია, გაცვლითი კურსის გაუარესება ლართან მიმართებით ფასების ზრდას გამოიწვევს, ვინაიდან პროდუქცია, რომელიც ჩვენს ქსელში შემოდის არის ევროპული", - აღნიშნა რევაზ მაღალაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.