logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"პატარა ბანკებს ჩვენკენ გამოხედვაც კი არ უნდათ" - სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"

„პატარა ბანკებს ჩვენკენ გამოხედვაც კი არ უნდათ,“- ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას სამშენებლო კომპანია "დიკა 2010"-ის დირექტორმა განაცხადა.ნათია ხვედელიძის განმარტებით, იყო პერიოდი, როცა ბანკები დიდი კომპანიების ჭრილში,  არ სვამდნენ ბევრ კითხვას.  

„მარტივად იღებდი საბანკო გარანტიას, საავანსო გარანტიას. "თეთრი სიის" ავანსით სარგებლობისას ბანკში იდო ჩვენი 5-6 მილიონი. როცა გაჩერდა ტენდერები და "თეთრ სიასთან" მიმართებით გართულდა პროცესები, ბანკები შეშინდნენ. საფინანსო სექტორისთვის ძალიან შემაშფოთებელია ის მიმდინარეობა, რომ აქამდე ტენდერები არ იდებოდა. ჩვენ კი  გვქონდა ვალდებულებები ბანკში.  როცა შემცირდა ჩვენი ბრუნვა და მიმდინარე ტენდერებზე გაჩერდა გადახდები, ჩვენი საბანკო ვალდებულებები თუ  სახელფასო ფონდი არ გაჩერებულა. ეს პროცესები ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა. პარალელურად,   მოგვაკლდა შემოსავალი. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა ნებისმიერი კომპანიის ვალდებულებებზე და უკვე ბანკებისთვის  არასასურველი კლიენტები გავხდით. არიან  კომპანიები,  რომლებსაც კონტრაქტები შეუწყდათ.  ამან გამოიწვია ბანკების შიში ჩვენი სექტორის მიმართ და  ამ შიშის დაძლევას დრო სჭირდება,"-აღნიშნა ნათია ხვედელიძემ. 

მისივე თქმით, სექტორი იმედოვნებს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაგეგმილი ცვლილებები სექტორს ბანკებთან ურთიერთობაშიც დაეხმარება.

ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, ცვლილებების ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

გამოგვყევით