logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დავით უტიაშვილი - აჟიოტაჟური ეპიზოდისა და მოლოდინების მილევის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ

დავით უტიაშვილი - აჟიოტაჟური ეპიზოდისა და მოლოდინების მილევის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ

1729782240

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ზეწოლას წინასაარჩევნო პერიოდს, ერთჯერადი ტრანზაქციებს და მოლოდინების ეფექტს უკავშირებს.

უტიაშვილის შეფასებით, მსგავს სიტუაციაში მიზანშეწონილია ეროვნულმა ბანკმა პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, გამოიყენოს თავისი რეზერვები და ბაზრის დროებითი დისბალანსი აღმოფხვრას. მისივე თქმით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, საარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ ვალუტას უკან დააბრუნებენ, რაც ეროვნულ ბანკს რეზერვების კვალავ შევსების შესაძლებლობას მისცემს.

„მსგავსად ანალოგიური პერიოდებისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან, მოლოდინების ფაქტორებთან დაკავშირებული ზეწოლა სავალუტო ბაზარზე. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება მიზანშეწონილია ბაზარზე არსებული დროებითი დისბალანსის დასაკომპენსირებლად. როგორც გამოცდილება აჩვენებს, აჟიოტაჟური ეპიზოდის გადავლისა და უარყოფითი მოლოდინების მილევის შემდეგ ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ უცხოურ ვალუტას უკან აბრუნებენ. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი რომ შემდგომ / მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც თანხვედრაშია სხვა ცენტრალური ბანკების პრაქტიკასთან, სადაც გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

„სავალუტო ინტერვენციები ჩვენი სტრატეგიის შესაბამისია. ლარის კურსი მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობისთვის, ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სტაბილურობისთვის. კურსი არის ავტომატური სტაბილიზატორი, ჩვენს გადაწყვეტილებებს კი პრევენციული ხასიათი აქვს. რომ არა ინტერვენციები შესაძლოა აჟიოტაჟი უფრო გამძაფრდეს, მაშინ როდესაც ამის წინაპირობები მაკრო ფუნდამენტალების ნაწილში არ არსებობს“, - აღნიშნა უტიაშვილმა.

გამოგვყევით