დოლარის გამყარება არანაირ სირთულეს არ შექმნის თუ სწორად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ უპირატესობებს, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ლარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტაა.
"დოლარზე, რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოა დამოკიდებული და მათ შორის საქართველოც, მაგრამ ლარი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტაა მსოფლიოში. თუ გვექნება მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, რომლის გარანტორიც იქნება მათ შორის, აშშ - ლარს დოლარის გამყერების კუთხით შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული წნეხი, მაგრამ სხვა უამრავი კუთხით გაიხსნება ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ამ წნეხს ძალიან მარტივად გადაფარავს. შესაბამისად, ნეგატიური მოლოდინები არ მაქვს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკული ბიზნესი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და იმედი მაქვს, რომ საქართველოსაც აირჩევენ თავიანთ სამიზნე პლატფორმად იმისთვის, რომ ბიზნესი ჩვენი ქვეყნის გავლით აკეთონ.
დოლარის გამყარება ნიშნავს, რომ ლარი შეიძლება გაუფასურდეს, მაგრამ იმისთვის, რომ არ გაუფასურდეს ჩვენ სხვადასხვა ალტერნატიული შესაძლებლობები გვაქვს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
შეგახსენებთ, თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ მაკროეკონომიკური კუთხით,დონალდ ტრამპის გამარჯვება დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.