რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწყობილია და მასშტაბური პრობლემები არ არსებობს, თუმცა ლენტეხი-მესტიის გვირაბის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ტურიზმის განვითარებისთვის. აღნიშნული გვირაბი მგზავრობის დროსაც შეამცირებს და ლენტეხის განვითარებასაც ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო "ლაჰილის" მფლობელმა ლევან დადვანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე, მნიშვნელოვანია ფრენების სიხშირის ზრდა იმისთვის, რომ სვანეთში უფრო მეტი ტურისტი ჩავიდეს.
„ამჟამად ვერტმფრენი კვირაში 5-6 რეისს ახორციელებს და ჯამში 70-მდე ადამიანის ჩამოყვანას უზრუნველყოფს, რაც ძალიან ცოტაა. ბილეთებს ხალხი წინასწარ ყიდულობს და აღნიშნული თემა დარეგულირებული არ არის, რაც ტურიზმის განვითარებას ნამდვილად ხელს უშლის“, - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.
ლევან დადვანის შეფასებით, წინა წელთან შედარებით, სვანეთში ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
"ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია, რასაც ვფიქრობ, რომ რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის, უკრაინა-რუსეთის ომი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები და ასევე, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები. ბოლო ერთი წელია, სამწუხაროდ, შემცირდა ევროპელი და ამერიკელი ტურისტების რაოდენობა, თუმცა გაიზარდა რუსების რაოდენობა. პანდემიის შემდეგ შიდა ტურიზმი გაიზარდა და დღეს ჩვენი დამსვენებლების 50% ადგილობრივია, ხოლო 50% უცხოელი.
მაღალი სეგმენტის ტურისტები არიან ევროპიდან, ამერიკიდან, კანადიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან. გარდა ამისა, მაღალმხარჯველუნარიანი დამსვენებლები არიან დუბაიდან და სხვა არაბეთის ქვეყნებიდან, რომლებიც სვანეთში ხშირად არ დადიან", - აცხადებს ლევან დადვანი.
რაც შეეხება ზამთრის სეზონს, როგორც სასტუმროს მფლობელი აღნიშნავს, წინა წელს 50-60%-იანი დატვირთულობა ჰქონდათ, თუმცა წელს როგორი მაჩვენებელი იქნება ამინდზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ტურისტები ძირითადად, თოვლის მოსვლას ელოდებიან ხოლმე და შესაბამისად, სასტუმროს ზამთრის ჯავშნები ჯერჯერობით არ აქვს.
ცნობისთვის, დაბა მესტიაში მდებარე, 25-ნომრიანი სასტუმრო "ლაჰილი" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა.