logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ზამთრის სეზონზე 60-70%-იან დატვირთულობას ველოდებით - chalet Mestia

"შეიძლება ითქვას, რომ წელს უკეთესი წელი გვაქვს. 25 დეკემბერს იხსნება სათხილამურო სეზონი და 60-70%-იან დატვირთულობას ველოდებით", - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზამთარში სასტუმროს დამსვენებლები უფრო მეტად ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, უკრაინიდან და რუსეთიდან არიან. 

ივერი ჭელიძის თქმით, სასტუმროს დამსვენებლებში ადგილობრივების  ხვედრითი წილი მინიმუმ 20%-ია.

"პანდემიამდე დიდი დატვირთვით ვმუშაობდით, თუმცა მას შემდეგ ტურიზმის განვითარება შეფერხდა. ამჟამად, ნელ-ნელა წინ მივიწევთ. მაგალითად, წელს გასულ წლებთან შედარებით უფრო მაღალი დატვირთულობაა. სვანეთი გამორჩეული კუთხეა თავისი მწვერვალებით, ბუნებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით - ეკლესიებით და სვანური კოშკებით. 

რაც შეეხება ჩვენს მომხმარებლებს - ზამთარში დამსვენებლები ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან, ხოლო ზაფხულში აზიის ქვეყნებიდანაც, მათ შორის იაპონიიდან, სინგაპურიდან და ფილიპინებიდან. აღსანიშნავია, რომ შემოდგომის სეზონზე  მკვეთრად გაიზარდა დამსვენებლების რაოდენობა ჩინეთიდან, მათ შორის, ყველა სეგმენტის ტურისტია - როგორც დაბალბიუჯეტური სეგმენტი, ისე -  მაღალი. ზოგადად, მაღალი სეგმენტის, ანუ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები უფრო ევროპიდან შემოდიან", - აცხადებს ივერი ჭელიძე.

რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას რეგიონში, როგორც სასტუმროს მფლობელი აცხადებს, თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროს მაინც არ ხსნის.

"სვანეთში ინფრასტრუქტურის განვითარება სწრაფად, თუმცა არაგეგმურად მიმდინარეობს. თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროს მაინც არ აკეთებს. ყველამ ისწავლა ტურისტებთან მუშაობა, შესაბამისად, სასტუმროების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  ვფიქრობ, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშენებლობების დროს  სვანური არქიტექტურა და სტილი იყოს დაცული", - აცხადებს ივერი ჭელიძე.

Chalet Mestia-ს მფლობელი  სვანეთში ფრენების სიხშირის გაზრდის აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული, ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. 

დღეში 1, ან 2 რეისი  საკმარისი არ არის.  როგორც ჩემთვის არის ცნობილი,არის  საუბარი, რომ გამოინახოს საშუალება, რეზერვი, რათა გაიზარდოს ფრენების სიხშირე, რაც მეორე ვერტმფრენის დამატებაში გამოიხატება“, - აღნიშნა ივერი ჭელიძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა.  სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

გამოგვყევით