ამერიკელი ბიზნესმენების საქართველოში მოწვევის საკითხში აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა და უშუალო ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. შესაძლებელია, საქართველოში სოლიდური ამერიკელი ინვესტორები ვიხილოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მასშტაბურ პროექტებს დააფინანსებენ, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ "ბიზნესპარტნიორთან", ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შეფასებისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შესაძლებელია სარკინიგზო, საზღვაო პროექტების განხორციელება და ქართულ ეკონომიკურ რეალობაში ამერიკელი პარტნიორების უფრო აქტიურად ჩართვა.
"თუ უკრაინაში ომი დასრულდება ისე როგორც სწორი იქნება, მაშინ ეს საქართველოსთვის დამატებითი შესაძლებლობების ფანჯარა იქნება. კერძოდ, იმისთვის, რომ შავი ზღვის აკვატორიაში, სატრანზიტო დერეფნის ჭრილში ქვეყანამ დამატებითი უპირატესობები შეიძინოს. მრავალი მიმართულებით არის შესაძლებელი პროექტების განხორციელება, თუ ამერიკის ადმინისტრაციის იმ დოზით დაინტერესებას შევძლებთ, რომ შემდგომ კარგად წარმოგვაჩინონ საკუთარ ბიზნესწრეებთან და მოგვცენ შესაძლებლობა მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელების", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება საქართველოსთვის სასიკეთოა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას არც თუ ისე პოზიტიური ურთიერთობები ჰქონდა ბოლო პერიოდში, აშშ მაინც რჩება საქართველოს პარტნიორ ქვეყნად. ტრამპის ხელისუფლების პირობებში, წინა მმართველობა, რომ განვიხილოთ, განსაკუთრებული აქცენტები და აღმავლობა ჩვენს შორის ურთიერთობებში არ ყოფილა, იყო სტაბილურობა და მხარდაჭერა, რაც ზოგადად ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით მოდის. ველოდები პოლიტიკური ნაწილის დეესკალაციას და ეკონომიკური ნაწილის როგორ მინიმუმ შენარჩუნებას და კარგ შემთხვევაში, რაიმე ახალი პროექტების განხორციელებას.
ტრამპს აქვს ამბიცია, რომ ის დაასრულებს ომს უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში. ამ საკითხებმა საქართველოზე შესაძლებელია პირდაპირი და ირიბი გავლენა იქონიოს. რეგიონის კონტექსტში კი სამხედრო კონფლიქტების მოგვარების შედეგად შესაძლებელია საქართველოს დამატებითი პოზიტიური ეკონომიკური და არამარტო სარგებელი ჰქონდეს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი გახდა.