აპლიკაცია Sufra მომხმარებლებს, კერძების სახლში მოსამზადებლად, ინგრედიენტებს და შეფ-მზარეულების რეცეპტებს შესთავაზებს. როგორც Sufra-ს თანადამფუძნებელმა რატი დანელიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, აპლიკაცია ბაზარზე 2025 წლის დასაწყისში გამოჩნდება.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი აპლიკაცია გლობალური მასშტაბით არსებობს, თუმცა ჩვენს რეგიონში არასდროს არ ყოფილა.
"ყველას ძალიან გვიყვარს კერძების სახლში მომზადება, თუმცა ეს ძალიან ბევრ პრობლემასთან არის ასოცირებული. სამსახურეობრივ ცხოვრებასთან ერთად რთულია მოვიფიქროთ რეცეპტები, სუპერმარკეტში ვიყიდოთ პროდუქტები და ა.შ. Sufra არის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით შეგვიძლია რეცეპტები ავარჩიოთ, გამოვიწეროთ და ინგრედიენტები სახლში მოგვივა. პროდუქტთან ერთად იქნება ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დავამზადოთ ესა თუ ის კერძი.
აქამდე Wathsapp- ჯგუფის მეშვეობით ვაწვდიდით ჩვენს მომხმარებლებს ინგრედიენტებს და ამით, ბაზრის პირველადი კვლევაც გამოგვივიდა. ასობით მომხმარებელს მივაწოდეთ უკვე ინგრედიენტები და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგვეგო ბაზარზე იყო თუ არა მოთხოვნა და გავმზადებულიყავით რეალური მასშტაბირებისთვის. აპლიკაციას, სავარაუდოდ, 2025 წლის დასაწყისში შევთავაზებთ მომხმარებლებს", - აცხადებს რატი დანელია.
აპლიკაციის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, Sufra იმისთვის, რომ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ინგრედიენტები მიაწოდონ ადგილობრივ ფერმერებთან ითანამშრომლებს.
"თავდაპირველ ეტაპზე თბილისს მოვიცავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში დიდი ქალაქების მოცვას ვგეგმავთ. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს შემთხვევაში ზუსტად იმ რაოდენობის ინგრედიენტს მიიღებს მომხმარებელი, რაც კერძის დამზადებისთვის არის საჭირო. ჩვენი მიზანია, რომ ფასი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. გვინდა, რომ სახლში კერძების მომზადება წამოვწიოთ წინ", აღნიშნა მან.
რაც შეეხება რეცეპტებს - სტარტაპი შეფ-მზარეულებთან თანამშრომლობს და შესაბამისად, აპლიკაციაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს კონკრეტული შეფის რეცეპტები.
გარდა ამისა, Sufra საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ რეგიონულ ბაზარზე გასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.