ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა Bookinghub-ი დეკემბრიდან დიდ ქალაქებშიც ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ლევან მესხიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ონლაინ დაჯავშნის სერვისი მომხმარებლების სურვილია. შესაბამისად, კომპანიები თავად ინტერესდებიან აღნიშნულით და bookinghub-ი მათ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე პლატფორმა სამ მიმართულებას მოიცავს. ესენია: სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები და ესთეტიკის ცენტრები. როგორც ლევან მესხიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ყველაზე ხშირი ჯავშნები სალონურ მომსახურებაზეა.
"bookinghub-ი არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას სასურველი სერვისი დაჯავშნონ სხვადასხვა პროვაიდერში, როგორიც არის სტომატოლოგიური კლინიკები, ესთეტიკის ცენტრები და სილამაზის სალონები. ასევე, bookinghub-ი დაერთებულია პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც გამართულია ამ ბიზნესებში და შესაბამისად, მომხმარებელი ერთი ფანჯრის პრინციპით, ხედავს თავისუფალ დროებს და შემდეგ ეწერება ვიზიტზე. ამ დროისთვის გვაქვს 3 მიმართულება, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავთ ჩამონათვალის ზრდას.
დეკემბრის ბოლომდე 50-მდე ბიზნესი ონლაინ დაჯავშნის სისტემაზე იქნება გადმოსული. ნახევარი წელია, რაც პლატფორმა სატესტო რეჟიმშია გაშვებული და დეკემბრიდან სრულად ამუშავდება. ამ დროისთვის რამდენიმე ათასი მომხმარებელია რეგისტრირებული. ჯერჯერობით თბილისის მასშტაბით ვართ, თუმცა დეკემბრიდან დაემატება ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. ჩვენი მიზანია bookinghub-ის მეშვეობით ყველაფრის დაჯავშნა იყოს შესაძლებელი", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - Bookinghub-ი უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს. კერძოდ, ლევან მესხიშვილის ცნობით, სავარაუდოდ, მომდევნო წელს უზბეკეთის ბაზარზე გამოჩნდება.
"სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ უცხოურ ბაზრებზე გავიდეთ - კერძოდ, გვინდა ცენტრალური აზია მოვიცვათ. მომდევნო წლის მეორე ნახევარში უზბეკეთის ბაზარზე გასვლას ვვარაუდობთ. უკვე შესწავლილი გვაქვს აღნიშნული მიმართულება და ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის პერსპექტიულია.
ევროპაში და ამერიკაში, რა თქმა უნდა, არის მსგავსი ტიპის პლატფორმები. იქ წლების წინ იყენებდნენ, თუმცა საქართველოში ონლაინ ჯავშნების კულტურა ახლა შემოდის. აქამდე პრობლემა იყო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიერთება. ახლა თავად ვფარავთ ამ სერვისს და ჩვენს პროგრამებს იყენებენ ბიზნესები, შესაბამისად, აღნიშნული სერვისის დანერგვა გამარტივდა", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.