logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფინანსური სექტორი კიბერთაღლითებისთვის თავდასხმის ტრადიციული მიზანია - ინგა ქარჩავა

საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი აცხადებს, რომ ფინანსური სექტორი კიბერთაღლითებისთვის თავდასხმის ტრადიციული მიზანია და ამის პროპორციულად საბანკო სექტორის წარმომადგენლები წლების განმავლობაში აძლიერებენ კიბერთავდაცვით შესაძლებლობებს.

როგორც ინგა ქარჩავა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ფინანსურ ანგარიშებზე მილიონობით შეტევა ხორციელდება, მაგრამ ერთეული მომხმარებელი ამას ვერ გრძნობს,  რადგან ფინანსურ სექტორს გააჩნია საკმაოდ მძლავრი კიბერთავდაცვითი საშუალებები.

საბანკო პროდუქტების მომხმარებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ საკუთარი ფინანსური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით. თუ დავაკვირდებით,  უკანასკნელ რამდენიმე თვეში განხორციელებული შეტევები მოიცავს ბარათის მონაცემების გამჟღავნებას სწორედ მომხმარებლის მხრიდან.  ამიტომ მომხმარებლებს ვურჩევთ, ერთჯერადი კოდის შეყვანისას დააკვირდით ვებგვერდს სადაც შეგყავთ კოდი. ძირითადი გზავნილი არის ის რომ ფინანსური მონაცემები უნდა შეიყვანოთ მხოლოდ თქვენს ნაცნობ სივრცეში და არცერთ შემთხვევაში არ  მიყვეთ მესამე მხარის მოწოდებას. აქ არ არის საჭირო განსაკუთრებული ტექნიკური ცოდნის თუ გამოცდილების ქონა.  როდესაც საბარათე მონაცემების მფლობელი აზიარებს საკუთარ მონაცემებს, ბანკი არის უძლური.“-აღნიშნა ინგა ქარჩავამ.

მისივე თქმით, პერიოდულად  კიბერთავდასხმების შემთხვევები იმატებს.

თუ მაინც მოტყუვდა მომხმარებელი, პრევენციულად კარგი წესი და ქცევაა, რომ  ანგარიშზე, რომელიც გვაქვს მიბმული გარკვეულ საიტებზე, გვქონდეს შეზღუდული რაოდენობის თანხა,  არ დავტოვოთ მასზე ანაბარი ან ხელფასი.“- აღნიშნა ინგა ქარჩავამ.

საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი აცხადებს,  რომ გლობალურად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია. 3.5 მლნ  ვაკანტური ადგილია მსოფლიოში ამ კუთხით. საქართველო გამონაკლისი არ არის. მაგრამ ფინანსურ სექტორს შედარებით ნაკლებად აქვს ამის დეფიციტი.“-აღნიშნა ინგა ქარჩავამ.

გამოგვყევით