აფბა-ს პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ბოლო პერიოდში ლარის მერყეობის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი არ არსებობს.
მისივე თქმით, ლარმა დაიწყო უკვე გამყარება, ბოლო ორი დღეა ჩვენ ვხედავთ გამყარებას და თავისუფალი მცურავი კურსის კვალობაზე ბუნებრივად იქცევა.
,,ბოლო პერიოდში ლარის კურსის მერყეობაში რაიმე საგანგაშო საფუძველს ვერ ვხედავ. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვილითი კურსი და მსგავსი მცირედი რყევები ბუნებრივი პროცესია. თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას და იმას რომ იანვარში ეკონომიკური პროცესები, ზოგადად, მეტ-ნაკლებად შენელებულია, ლარის მცირედი რყევები მოსალოდნელი და ბუნებრივია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია და დეპოზიტების მოცულობა მზარდია", - აცხადებს კაპანაძე.
მისი შეფასებით, არსებულ სიტუაციაში ლარის გაუფასურების გარდაუვალობაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი.
,,საუბრები იმაზე, რომ გარდაუვალია გაუფასურება, პოლიტიკური სპეკულაციებია. ლარის კურსი ზომიერ დიაპაზონში მერყეობს. არ არსებობს ლარის მყისიერი გაუფასურების რაიმე საფუძველი. პირიქით, ვფიქრობ, თებერვლიდან მოსალოდნელი ეკონომიკური პროცესების გამოცოცხლების კვალდაკვალ, ლარის მერყეობაც შემცირდება“, - აცხადებს აფბას-ს პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე