logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შოკოლადის&აჯიკის ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ ვასაბის ნაყინის წარმოება დაიწყო

"დაგვემატა ვასაბის ნაყინი, რომელმაც სუშის მოყვარულებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა", - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture Ice Cream-ის მენეჯერმა იოანა სარქისიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით, 2 კვირაში კომპანიას კიდევ ერთ ახალ გემოს, კერძოდ, მაჩას ნაყინს დაამატებს.

"2024 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2023 წელი. მაგალითად, ზამთრის სეზონზე, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა.  ჩვენ მუდმივად ვამატებთ და ვაფართოებთ ასორტიმენტს. ბოლო პერიოდში ასევე, გვქონდა ძალიან აქტუალური გემო - ფისტა, რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა. 

2024 წლის ყველაზე პოპულარული გემო - მარწყვი და რეჰანი იყო, თუმცა მოთხოვნადი პროდუქტების ჩამონათვალი სეზონების მიხედვით იცვლება. ზაფხულში ასევე, მოთხოვნადი იყო შავი ჩაის და ბრაუნის გემო, როზმარინი კაკლის მურაბით და ზღვის მარილით. ასევე, ლავანდა და თაფლი. მაგალითად, ზამთრის სეზონზე აქტუალური იყო გოზინაყის და კარამელის გემო.

ჩვენი მომხმარებლების 50% უცხოელები არიან. მათ შორის, გვაქვს კორპორატიული შეკვეთები სხვადასხვა კომპანიიდან, მათ შორის, რესტორნებიდან და სასტუმროებისგან", - აცხადებს იოანა სარქისიანი.

რაც შეეხება გაფართოების გეგმებს - კომპანიის მენეჯერის თქმით, The Cone Culture Ice Cream-ი მიმდინარე წელს თბილისში მესამე ფილიალის დამატებას გეგმავს. 

"ჩვენ საექსპორტო გეგმებიც გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივ ბაზარზე დავრჩეთ და უფრო მეტად განვვითარდეთ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს - კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს: შევჩენკოსა და ვეკუას ქუჩებზე.

გამოგვყევით