logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"IMF-ს ანგარიშში საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ეკონომიკის მედეგობა შოკების მიმართ დადებითად შეფასდა" - ნათია თურნავა

"IMF-ს ანგარიშში საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ეკონომიკის მედეგობა შოკების მიმართ დადებითად შეფასდა" - ნათია თურნავა

1775550420

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და ეკონომიკის მედეგობა შოკების მიმართ დადებითად შეფასდა. ასევე, დადებითად შეფასდა როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკა. მონეტარულ პოლიტიკაზე ითქვა, რომ იგი არის გონივრული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ახალი გამოწვევაა ახლო აღმოსავლეთის მოვლენები, რაც დამატებითი ზეწოლაა ფასების სტაბილურობაზე საქართველოში.

“ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია. იანვარ-თებერვალში მშპ-ს ზრდამ 8.4% შეადგინა. ქვეყანაში შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა არხით და აქედან გამომდინარე, სავალუტო ფონდიც აღნიშნავს, რომ ჩვენ მოვახერხეთ და გასულ წელს რეკორდულ  მაჩვენებელს მიაღწია ჩვენმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა. საერთაშორისო სავალუტო მისიის მიერ ასევე, აღინიშნა, რომ ადეკვატურობის ზღვარი გადალახულ იქნა ჩვენი რეზერვების თვალსაზრისით, და 2025 წელს რეზერვები  100%-იან ადეკვატურობის ზღვარს გასცდა.

ინფლაცია ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია. როგორც იყო ჩვენი პროგნოზით მოსალოდნელი, 2025 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გადაცდა, თუმცა შეინიშნებოდა დაღმა სვლა და მოლოდინი იყო, რომ წლის განმავლობაში ნორმალიზდებოდა. მარტის ინფლაციის ინდიკატორი, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა, ისიც ნაწილობრივ ამ ტენდენციას შეესაბამება - 4.3%, რაც მთლიანობაში უფრო მაღალია ვიდრე მიზნობრივი 3%.

ახალი გამოწვევაა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, რამაც გამოიწვია ძალიან მაღალი ვოლატილობა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე და პირველ რიგში, სანავთობო ბაზრებზე და ასევე, ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება, რაც დამატებითი ზეწოლაა ფასების სტაბილურობაზე საქართველოში. ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება ამ კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც შესაბამისი ქმედებებით უნდა ვუპასუხოთ.  ჩვენ ერთ-ერთ საკითხად გვქონდა ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება”, - აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, მე-4 მუხლის კონსულტაციების ფარგლებში, 25 მარტიდან 7 აპრილამდე საქართველოში შეხვედრები გამართა. დღეს კი ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

მისიის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაჟდენბერგმა განაცხადა, რომ გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია.

გამოგვყევით