თბილისში უკვე წლებია არსებობს ადგილი, სადაც ტკბილეულის გემო არა მხოლოდ სასიამოვნო მომენტს, არამედ ბავშვობის მოგონებებსაც აცოცხლებს. ეს არის „ლილისი“- საწარმო და სივრცე, რომელიც ქეთევან ხუნწარიამ და მისმა დამ, ლიკამ ბებიის რეცეპტების ინსპირაციით შექმნეს.
ძველი რეცეპტისა და თანამედროვე ევროპული გემოების სინთეზმა საზოგადოებაში მალევე პოპულარობა მოიპოვა. ასე იქცა პატარა, ოთხი თანამშრომლით დაწყებული საწარმო დღეს უკვე ორმოცდაათზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდად.
ბუნებრივია, განვითარების გზაზე ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. როგორც ქეთევანი აღნიშნავს, საკონდიტრო წარმოება მუდმივად სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს „ლილისისთვის“ ახალი ცოდნის და განვითარების შესაძლებლობაა. სწორედ ამ მიდგომამ აქცია „ლილისი“ მუდმივად ცვალებად, ადაპტირებად და ინოვაციურ ბრენდად.
„ლილისი“ მხოლოდ ტკბილეული არაა. მისი მიზანია, თითოეულ სტუმარს მცირე ბედნიერება აჩუქოს. ამას ემატება მუდმივად განახლებადი მენიუ, რომელშიც რეტრო და ევროპული გემოების თანამედროვე სინთეზია წარმოდგენილი.
2022 წლიდან „ლილისიმ“ ახალი ნაბიჯი გადადგა - გახსნა სასაუზმე სივრცე, „Nibble“, რომელმაც 2024 წლიდან ფურშეტის და ქეითერინგის მიმართულებაც განავითარა.
„ამ გზაზე თიბისი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თიბისის მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეგეგმა ზრდა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები და გამოგვემუშავებინა თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ეს არის პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას, მაშინაც, როცა გვჭირს და მაშინაც, როცა ზრდა და გაფართოება გვინდა“.
„ლილისის“ ისტორია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ექვსი წლის განმავლობაში ბრენდმა განვითარების გზაზე ბევრი ნაბიჯი გადადგა და ახლა კიდევ უფრო მასშტაბური გეგმების განხორციელებას იწყებს.
„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რომ „ლილისის“ უგემრიელესი ტკბილეული ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პარალელურად, ვაძლიერებთ ფურშეტის მიმართულებას და ბევრ სიურპრიზს ვპირდებით მომხმარებელს… და ეს ყველაფერი არ არის“, — აღნიშნავს ქეთევანი.