ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება, გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს ასახავს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის.
„ნავთობის ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარს ნაწილობრივ უკვე გადმოეცა და ინფლაციაზე მოკლევადიან პერიოდში ზრდის მიმართულებით მოქმედებს. გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე გაურკვევლობა მაღალია. არსებული პროცესების გახანგრძლივება მნიშვნელოვნად ზრდის გლობალურად ინფლაციურ რისკებს. განვითარებული შოკების ინტენსივობა, გადმოცემის სიმწვავე და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი აქტიურად დააკვირდება პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერებას, მზად არის მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებისთვის”, - ამბობს ეკატერინე მიქაბაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 25 მარტის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 8%-ზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 6 მაისს ჩატარდება.