logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა: სებ-ის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა

ნათია თურნავა: სებ-ის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდა

1747645205

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, გასულ წელს ინფლაცია სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა, ხოლო ქვეყანაში დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება უმეტესად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.

 "2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა  და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო. დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდებოდა“, -  განაცხადა ნათია თურნავამ.

 მისივე შეფასებით, დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი წამყვანია.

 „აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა და შედეგად, 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო. აქვე მინდა ვთქვა, რომ სხვა მიმართულებებით ჩვენმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მათ შორის ფისკალურმა პოლიტიკამ, სერიოზულად შეუწყო ხელი დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

 ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო ინოვაციური, მაღალი  შრომის პროდუქტიულობით გამორჩეული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა IT ინდუსტრია, ინოვაციები, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, მშენებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ეკონომიკური ზრდა გამორჩეულად მაღალია, ამან არ წარმოქმნა დამატებითი წნეხი ფასებთან მიმართებაში და ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. არც ისე ბევრი მაგალითია ისეთი ქვეყნების, სადაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ინფლაციური გარემო სტაბილურია და ინფლაცია არის დაბალი. ეს იყო ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების ერთობლიობის შედეგი, თუმცა მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა გამოკვეთილად დაადასტურა დაბალმა ინფლაციამ, რომელიც ფიქსირდებოდა 2024 წელს და დღემდე ვინარჩუნებთ მიზნობრივზე დაბალს ან მიზნობრივთან ახლოს“, - დასძინა ნათია თურნავამ.

გამოგვყევით