„იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სებ-ის პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე და აცხადებს, რომ ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, რომ უპირველეს ყოვლისა დაემორჩილონ ამ ქვეყნის კანონმდებლობას.
,,სრულად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას პოზიციას და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები, მათ შორის კომერციული ბანკები, უპირველეს ყოვლისა ვალდებულნი არიან იმოქმედონ ამ ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
ასევე, მიმაჩნია რომ ეს პოზიცია არ გულისხმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევას ან სანქციებზე თავის არიდების მცდელობას. ცნობილია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ეროვნულ ბანკის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სანქციებზე თავის არიდების არც ერთ ფაქტს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება", - აცხადებს აფბას ხელმძღვანელი.