logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ვართ გათამამებული, იმედია ბოლო კვარტალში უკეთესი შედეგი გვექნება" - დავით რუსია

საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი, დავით რუსია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდის უკეთესი მაჩვენებელი ექნება.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ქვეყანა ორნიშნა ზრდის მაჩვენებლით "გათამამებულია".

"მსოფლიო ბანკმა საქართველოს 7%-იანი ზრდა დაუწერა. მსოფლიო ბანკის პარამეტრი თანხვედრაშია ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის მაჩვენებელთან. ჩვენ ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებით გათამამებული ვართ, იმედია, ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდის უკეთესი მაჩვენებელი გვექნება", - აღნიშნავს დავით რუსია. 

სექტორის წარმომადგენელი ქართული საბანკო სისტემების შესახებ დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად, 19 კომერციული ბანკია.

საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი "ლიბერთი ბანკისა", "ბაზისბანკის" გაერთიანების საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შეთანხმებით, საბანკო სექტორი მოიგებს.

"ქვეყანაში მესამე ბანკი სიდიდით "ლიბერთი ბანკია", ხოლო მეოთხე "ბაზისბანკი" გახლავთ, მათი მაჩვენებლები, რომ ავიღოთ, ორივე ბანკი წარმატებულია და დიდ პროგრესს განიცდის. რა თქმა უნდა, 2 ბანკის დომინაცია წესით პატარა ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. ჩვენ დაახლოებით 10 მლრდ-იანი საბანკო გაერთიანება უნდა მივიღოთ, თუ გაერთიანება ("ლიბერთი ბანკი", "ბაზისბანკი") შედგება და დასრულდება. გარკვეული პროცესებია, რომელიც აღნიშნული 2 ბანკის გაერთიანებას უძღვის - ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე გაერთიანების ნებართვა გასცა, თუმცა ჯერჯერობით, მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. გაერთიანების შემთხვევაში შეიძლება, პატარა ბანკებმა მეტი შედეგი დადონ, თუმცა არც საქართველოსა და თიბისის ბანკები ხელჩამოშვებული არ არიან - სოლიდურ ზრდას აჩვენებენ", - აცხადებს დავით რუსია.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4%-ი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ით განისაზღვრა.

რაც შეეზება "ლიბერთი ბანკს" , ის საქართველოში სიდიდით მესამე ბანკია და მხოლოდ "საქართველოს ბანკს" და "თიბისის" ჩამორჩება. ხოლო "ბაზისბანკი" ქართული ბანკების რეიტინგში "ლიბერთის" შემდეგ იკავებს ადგილს.

 

გამოგვყევით