logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ოთარ ანგურიძე - ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი ხდება, ამ კვირის დასაწყისიდან უკვე ვხედავთ გამყარებას

ოთარ ანგურიძე - ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი ხდება, ამ კვირის დასაწყისიდან უკვე ვხედავთ გამყარებას

1738071769

ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი არ ხდება. როგორც ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის კურსი თავისუფალი გაცვლითი კურსით რეგულირდება, შესაბამისად, ის ცოტათი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება და ბოლო ორი დღეა გამყარების ტენდენციას აჩვენებს. 

“ახლა რაც ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ბუნებრივი პროცესია. ლარის კურსი თავისუფალი გაცვლითი კურსით რეგულირდება, შესაბამისად, ის ცოტათი ხან გადაიხრება, ხან გადმოიხრება. ეს ჩვეულებრივი, ნორმალური სიტუაციაა, რაც ამ ტიპის ვალუტებს ახასიათებთ. საგანგაშო არაფერი არ ხდება. გუშინ და დღეს ვნახეთ, რომ ლარის კურსი გამყარდა. ანუ, თუ წინა კვირაში მცირედით გაუფასურება გვქონდა, უკვე ამ კვირის დასაწყისიდან ვხედავთ, რომ ლარი გამყარებისკენ წავიდა” – განაცხადა ანგურიძემ.

მისივე თქმით, პრაქტიკულად, არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს იმისთვის, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე, გარკვეულწილად, ზეგავლენა მოახდინოს.

“გასული წელი საკმაოდ კარგად დაიხურა – 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაც ძალიან მაღალია, ევროპაში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ. ექსპორტის ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, რაც ლარის კურსზე ავტომატურად მოქმედებს, რადგან უცხოური ვალუტა შემოდის და სიტუაციას აბალანსებს. მთლიანობაში კარგი ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, ასევე გზავნილების მიმართულებით. პრაქტიკულად, არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ არსებობს იმისთვის, რომ გარკვეულწილად, ლარის კურსის გაუფასურებაზე ზეგავლენა მოახდინოს. ყველა მიმართულებით კარგი ზრდა გვაქვს, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია, ლარის კურსი სტაბილური იყოს”- განაცხადა ანგურიძემ.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8766 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.49 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0014 ლარი გახდა.

გამოგვყევით