საქართველოს საპენსიო ფონდის ახლად დანიშნულმა მმართველობითმა საბჭომ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. საბჭომ უკვე გამართა პირველი ოფიციალური სხდომა, სადაც მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ გრიგორი (გია) მორჩილაძე აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ ქალბატონი თეონა გუნცაძე. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.
გარდა ამისა, მმართველობითმა საბჭომ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა საბჭოს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო კომიტეტები და დააკომპლექტა ისინი საკუთარი შემადგენლობიდან შესაბამისი წევრებით.
"დაგროვებითი საპენსიო რეფორმა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა. მისი წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების ნდობისა და სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაზე. მმართველობითი საბჭო აფასებს იმ ნდობას, რომელიც მას შესარჩევმა კომისიამ და საქართველოს მთავრობამ გამოუცხადა და მზად არის თავის საქმიანობაში დაიცვას უმაღლესი სტანდარტები საპენსიო სქემისა და რეფორმის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისათვის. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს წევრობა, რომელიც ემსახურება სქემის მონაწილეების საპენსიო დანაზოგების მართვას და დაცვას, არის დიდი პატივი და ამავდროულად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. მმართველობითი საბჭო მზად არის უზრუნველყოს ყველა მარეგულირებელ მოთხოვნასა და საუკეთესო მმართველობით პრაქტიკასთან სრული შესაბამისობა.
მმართველობითი საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში აგრძელებს აქტიურ მუშაობას და უახლოეს მომავალში აპირებს შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჭირო პოლიტიკის დოკუმენტები და კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე. ის რჩება გამჭვირვალობის ერთგული და გააგრძელებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას შემდგომი სიახლეებით,"-ნათქვამია საპენსიო ფონდის განცხადებაში.