რეგიონების მიხედვით დივერსიფიცირებას არ ვახდენთ და ნებისმიერი ქვეყნის ინვესტორთან ვმუშაობთ, - ამის შესახებ სააგენტო “აწარმოე საქართველოში”-ს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ინვესტორები გარკვეულ კითხვებს სვამენ და სააგენტოს ინტენსიური საუბარი უწევს.
“ახალი გეგმები გვაქვს დასახული. ერთი სტრატეგია უკვე შესრულდა და ახლა უკვე მეორე სტრატეგია გვაქვს, სადაც 6 მლრდ. გვაქვს თანხაში, რაც Eagle Hills-ის პროექტით შესრულდება. სხვა პროექტები ამ მასშტაბის არ არის. სხვადასხვა კომპანიებს ლოგისტიკურ პროექტებზე ვემუშავებით, მათ შორის ჩვენი რეგიონიდან, ასევე კომპანიებს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგში, რომელთა ტოპ 5 კომპანიიდან 3 უკვე საქართველოშია.
ჩვენ რეგიონალურად არ ვუყურებთ ინვესტიციებს, ვუყურებთ სექტორულად. IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით ცალსახად ჩვენი კონკურენტი არის რუმინეთი და სერბეთი.
ეს უკანასკნელი ჩვენი კონკურენტია თითქმის ყველა მიმართულებით, რადგან უპირატესობა აქვს, მათ შორის, დიდი ტერიტორიაა, ევროპასთან გეოგრაფიულად მომიჯნავე ქვეყანაა და მეტ-ნაკლებად ინდუსტრიული ქვეყანაა. პოლიტიკური პროცესები ახდენს გავლენას და ინვესტორებთან ინტენსიური საუბარი და ახსნა გვიწევს. თავის მხრივ ინვესტორი ხედავს ეკონომიკურ ზრდას და მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ქვეყანაში. შესაბამისად, ინვესტორები, რა თქმა უნდა, სვამენ კითხვებს და რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესები აწუხებთ”, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.