logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ მიმართულებად ქართველებისთვის ანტალიის რეგიონი რჩება - "ნოვა ტური"

ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებლის მამუკა ჯიქიას განცხადებით, ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ მიმართულებად ქართველებისთვის ანტალიის რეგიონი რჩება.

მისივე ინფორმაციით, წელს ანტალიის მიმართულებით კვირაში 10 რეისის შესრულებაა დაგეგმილი, რაც მომხმარებლებს თარიღების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობას აძლევს და სავარაუდოდ, მოთხოვნას უფრო მეტად გაზრდის.

"დღესდღეობით ის მომსახურება, რომელსაც ქართველი მომხმარებელი თურქეთში იღებს, ძნელია რაიმე ალტერნატივა მოეძებნოს და ამიტომ, ქართველი მომხმარებლისთვის ანტალიის სანაპიროები წლიდან წლამდე უალტერნატივო მიმართულებად რჩება. 

თურქეთის მიმართულების გარდა, აქტუალურობას არ კარგავს ეგვიპტე, რომელიც უნიკალურია იმ კუთხით, რომ სეზონურობა არ გააჩნია და ასევე, საფასო კატეგორიაში შარმ ელ-შეიხი ყველაზე იაფიანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართველი ტურისტები მიჩვეულები არიან ბოლო დღეებში დაჯავშნას, თუმცა ბოლო წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ვინც ადრე გეგმავს ზაფხულის მოგზაურობას უფრო მეტ თანხას ზოგავს. შესაბამისად, ყველას ვურჩევთ, რომ მოგზაურობის დაგეგმვა რაც შეიძლება ადრე დაიწყონ", - აცხადებს მამუკა ჯიქია.

კომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, "ნოვა ტურის" გაყიდვები ყოველწლიურად 10-15%-ით იზრდებოდა, თუმცა წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება. მამუკა ჯიქიას ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნულისა, ბოლო პერიოდში მაღალფასიან საკურორტო მიმართულებებზე მოთხოვნა გაიზარდა.

"საშუალო ღირებულების ტურების მომხმარებლები ვინც იყვნენ, მათგან ბევრი ბოლო პერიოდში სამსახურის გარეშე დარჩა, ან სტაბილურობის განცდა აღარ აქვთ და შესაბამისად, უკანასკნელი დანაზოგის მოგზაურობაში დახარჯვისგან თავს იკავებენ. რაც შეეხება მაღალფასიანი ტურის მსურველთა სეგმენტს - რაოდენობა შენარჩუნებულია და არ შემცირებულა", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი. 

გამოგვყევით