1-ლი აპრილიდან, საქართველოში, თამბაქოს ინდუსტრიისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული.
კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
თამბაქოს კონტროლის ალიანსში კონტროლის რეფორმების განხორციელების მიმართულებით რეგულაციის ამოქმედებას მნიშვნელოვანს უწოდებენ და განმარტავენ, რომ სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
"კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტას", - განმარტავენ ალიანსში.
თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო. როგორც ალიანსში ამბობენ, საკანონმდებლო ცვლილება და რეგულაციის ამოქმედება თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის და მათი ლობისტების ზეწოლით რამდენჯერმე გადაიდო.
"რეგულაციის გადავადების ერთ-ერთი მიზეზის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრია ცვლილებებისთვის მზად არ იყო. ასევე მანიპულირებდნენ რუსეთ-უკრაინის ომით, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა.
სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, არაერთხელ გაითვალისწინა ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდება, არ დაეჭირათ მხარი რეგულაციის გადავადებისთვის და უზრუნველეყოთ მისი დროული ამოქმედება.
თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. მიუხედავად გადავადებისა და ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედება ხელს შეუწყობს თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას", - განმარტავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციოდ სიგარეტების შეტანის ფაქტები. 1 აპრილიდან, კი ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5000 ლარია.