პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ქართული კომპანიამ "ხმიადი მარდი" წარმოება თბილისის თიზ-ში დაიწყო, საიდანაც ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
როგორც თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია "ზოტი ჰოლდინგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, თბილისის თიზ-სა და კომპანიას შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და კომპანია წარმოებას 1000 კვ.მ დახურულ სივრცეში უახლოეს მომავალში დაიწყებს.
"კვებით ინდუსტრიაში ჩვენთან შემოვიდა ქართული კომპანია, რომელიც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე, პურ-ფუნთუშეულს უკვე აწარმოებს და დისტრიბუციასაც ახორციელებს. ეს კომპანია პრემიუმ ნედლეულზე მუშაობს, რომელიც გერმანიიდან შემოაქვს და ნაწარმოები პროდუქციის ნაწილის ექსპორტზე გატანას გეგმავს. ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი”, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის თავისუფალი ზონა 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა თიზ-ის ადმინისტრატორი კომპანიის 100%-იანმა მფლობელმა კომპანიამ „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს. სოსო ნიბლაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თბილისის თიზ-ში 130-მდე კომპანია ოპერირებს.