logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

1749804642

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (FinSAC) ტექნიკურ მისიას უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ეროვნული ბანკის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობისა და რეზოლუციის საკითხები. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროკავშირის მიდგომებს. ასევე, განიხილეს საბანკო ჯგუფის დონეზე გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმების შემუშავების ძირითადი ასპექტები.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ფინანსური კრიზისების დროს ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებსა და მიზნებზე, მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ პროცესში გამოსაყენებელ ძირითად ინსტრუმენტებზე. ასევე, კრიზისულ ვითარებებში რეაგირებისას კომუნიკაციისთვის მზადყოფნის პრაქტიკულ მხარეებსა და ჩარჩოებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მსგავსი შეხვედრების მეშვეობით ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობის განმტკიცებას, კრიზისების პრევენციისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჩარჩოს სრულყოფას.

გამოგვყევით