logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოში დაბალინფლაციური გარემო სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია - თამთა სოფრომაძე

ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო გვაქვს, პირველ რიგში, სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, ბაზარსაც აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ მონეტარული პოლიტიკის შედეგად დაბალინფლაციური გარემო და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა სოფრომაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა კომპანიებს ასევე, აქვთ მოლოდინი, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

"ოქტომბრის კვლევის ძირითადი მიგნებები არის ის, რომ ინფლაციური მოლოდინები არის შემცირებული. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია როგორც მოკლევადიან პერიოდზე, ასევე გრძელვადიანზე. რესპონდენტებმა უფრო დაბალინფლაციური მოლოდინები აჩვენეს გამოკითხვაში, სადაც  ძირითადად ფირმები და კომპანიები მონაწილეობენ. ჩვენ გვაქვს როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და პატარა კომპანიების ბაზა, რომელთაც ყოველთვიურად ვუგზავნით კითხვარს  და ისინი გვიგზავნიან პასუხებს, რაც ანონიმურია. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური კლების ტენდენცია ნარჩუნდება.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას - ამასთან დაკავშირებით გაზრდილია მოლოდინები და ეს თავისთავად ასახვაა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წელს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და წინასწარი მონაცემებით, იანვარი-სექტემბრის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 9% შეადგინა. ასევე, წინა წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო და ამის  თანმდევი პროცესია ხელფასების ზრდა. კომპანიებს აქვთ მოლოდინი, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

საქართველოში დაბალინფლაციური გარემო სტაბილურად ნარჩუნდება და ეს თითქმის ყველაფერს მოიცავს. შესაბამისად, როდესაც ეს სტაბილურად ნარჩუნდება აღქმაც ბიზნესების და ბიზნესსუბიექტების არის ანალოგიური. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია ეროვნულ ბანკთან და მის პოლიტიკასთან. ის ფაქტი, რომ საქართველოში გვაქვს დაბალინფლაციური გარემო პირველ რიგში სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, ბაზარსაც აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ მონეტარული პოლიტიკის შედეგად დაბალინფლაციური გარემო და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება.

ველოდებით, რომ ეს დაბალი ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება და საშუალოდ 1.2% იქნება. შემდგომ წლებში და საშუალოვადიან პერიოდში კი გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც არის - 3%, ამასთან ახლოს იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად რისკები მაღალია, მინდა აღვნიშნო, რომ გლობალურად ინფლაცია კვლავ გამოწვევად რჩებოდა მაშინ, როცა საქართველოში დაბალინფლაციური გარემო გვქონდა და ფასების სტაბილურობა მიღწეული იყო. ჩვენთან საქართველოში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება იმის გავლენით, რომ ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია არის დაბალი და სწორედ აქ ხდება მონეტარული პოლიტიკის და ინფლაციური მოლოდინების ასახვა.

ოქტომბრის ბოლოს  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF)  მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გლობალური პრობლემა - მაღალი ინფლაცია ძირითად ქვეყნებში დაძლეულია, თუმცა ხაზგასმულია, რომ მომსახურების ინფლაცია რიგ ქვეყნებში მაინც მაღალი რჩება. საქართველოში კი პირიქით, სწორედ მომსახურების ინფლაციის შემცირებამ და ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის დაბალმა დონემ განაპირობა ის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს - ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით არსებობს შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდეს.

"ინფლაციური მოლოდინები ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება ახლაც და მომავალშიც. შესაბამისად, ამ და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შემცირებას. ჩვენი გრძელვადიანი ორიენტირი სადამდეც შევამცირებთ განაკვეთს არის 7%. დღევანდელი მოცემულობით გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ შემცირება, თუმცა შემდეგი სხდომისათვის ინფლაციური ყველა რისკის დეტალური ანალიზის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში პოლიტიკურად ცხელი ტემპერატურა იყო ინფლაციური მოლოდინები მაინც შემცირებულია და ის პოზიტიური მოლოდინები როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ნებისმიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ანალიზისას ეს პოზიტიური მოლოდინები ნარჩუნდება. ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები არის ჩვენთვის მთავარი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.

გამოგვყევით