logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების, ისე ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებას

სებ-ი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების, ისე ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებას

1726643820

საქართველოს ეროვნული ბანკი სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოში მოქმედი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები იცავენ საერთაშორისო სანქციათა მოთხოვნებს. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განისაზღვრა საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.

კერძოდ, აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

შესაბამისად, აღსასრულებელ სანქციებთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპი მითითებულია ზემოაღნიშნულ ბრძანებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად,"-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. გუშინ  კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას.

გამოგვყევით