Marriott-ი და Hilton-ი მნიშვნელოვნად აფართოებენ საკუთარ პოზიციებს აზიის სპა-ცენტრებში. ამის მიზეზი რეგიონში გამაჯანსაღებელი ტურიზმის მკვეთრი ზრდაა. ეს კი, თავის მხრივ, იმის შედეგია, რომ მოსახლეობის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა, მეტი იმოგზაურონ და საკუთარ ჯანმრთელობასა და მკურნალობას მეტი დრო დაუთმონ.
travelandtourworld.com-ის ინფორმაციით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი სპა-სერვისების მსოფლიო ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. სწორედ ამის გათვალისწინებით, სასტუმრო ბიზნესის ორი გიგანტი რეგიონში აშენებს ახალ ობიექტებს ულტრა-თანამედროვე სპა-მომსახურებებით, რათა არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
ტაილანდსა და ინდოეთში მათ მიერ განხორციელებული ბოლო პროექტები სწორედ ამ უდიდესი ძვრების ილუსტრაციაა.
სპა-მომსახურების გლობალური ბაზარი უდიდეს ტრანსფორმაციას განიცდის და მისმა ღირებულებამ 2024 წელს 124 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2030 წლისთვის კი, პროგნოზების თანახმად, 173,74 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას ადამიანები სულ უფრო მეტად იაზრებენ. ამას ემატება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, რაც ადამიანებში აძლიერებს სურვილს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
ინდუსტრიის ტრანსფორმაცია კი არსად ისე დინამიური არაა, როგორც აზიაში. ამ ცვალებად ლანდშაფტში სტუმარმასპინძლობის მსოფლიო გიგანტები, ისეთები როგორიცაა Marriott-ი და Hilton-ი, სტრატეგიულად აფართოებენ თავიანთ პოზიციებს რეგიონის ძირითადი მიმართულებების სპა-ცენტრებში. რეგიონში ამ შეჯიბრის წამყვანი მონაწილეები არიან ინდოეთი და ტაილანდი.
ინდოეთი გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა როგორც აზია-წყნარი ოკეანის, ისე მსოფლიო მასშტაბით სპა-მომსახურების ბაზრის განვითარების კუთხით.
ტრადიციული და ულტრა-თანამედროვე თერაპიები როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ დამსვენებლებს იზიდავს.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ტაილანდში Marriott-მა 2024 წელს Khao Lak Marriott Beach Resort & Spa გახსნა. ესაა ახალი კურორტი, რომელიც მომხმარებლებს მშვიდ, კულტურულ-გამაჯანსაღებელ დასვენებას სთავაზობს. აქ უამრავი პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი, რომლებიც გონებისა და სხეულის გაჯანსაღებისკენაა მიმართული.
ინდოეთში კი Hilton Gurugram Baani City Centre გამოჩნდა, რომელიც აქცენტს თანამედროვე გამაჯანსაღებელ სპა და ფიტნეს-ცენტრებზე აკეთებს.
რეგიონში მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, რომ სასტუმროებისთვის სპა-მომსახურება გახდა ძირითადი და არა დამატებითი შეთავაზებები. ის, რაც აზიაში ხდება, გლობალური ტენდენციის გამოძახილია, როცა სტრესთან და ცხოვრების უმოძრაო წესთან დაკავშირებული პრობლემები სულ უფრო მწვავდება.
ამიტომ სპა უკვე აღარ აღიქმება ზედმეტ ფუფუნებად და ის ჯანმრთელობის, საკუთარ თავზე ზრუნვისა და პროფილაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
jandacva.ge