logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"ბიოქიმფარმმა" ახალი პრეპარატი გამოუშვა, შემოდგომაზე კი ბაზარზე ორ ახალ მედიკამენტს გამოიტანს

"ბიოქიმფარმმა" ახალი პრეპარატი გამოუშვა, შემოდგომაზე კი ბაზარზე ორ ახალ მედიკამენტს გამოიტანს

1719994260

მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფაგების ტექნოლოგია ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ სფეროდ გამოაცხადა ქვეყანაში ინოვაციების განვითარების მიმართულებით. რა შეიცვალა ამ პერიოდში, რა სიახლეები და გეგმები აქვს „ბიოქიმფარმს,“ ამის შესახებ Jandacva.ge-სთვის მიცემულ ინტერვუში კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ისაუბრა.

- კომპანია „ბიოქიმფარმი“ საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად პრეპარატ "ფაგიოსა" და ფაგის სხვა უნიკალურ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანია ამ ეტაპზე ერთადერთი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც ინდუსტრიული მასშტაბით აწარმოებს ფაგის პრეპარატებს ევროპულ, GMP-ი სტანდარტის შესაბამისად. რა შესაძლებლობებს იძლევა ახალი სტანდარტი ფაგებისა და ფაგოთერაპიის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით?

- “ბიოქიმფარმმა” 15 სექტემბერს გაიარა „ჯიემპი“ სერტიფიცირება, მიიღო სერტიფიკატი და ამით დაგვრგვინდა 3-წლიანი მოდერნიზების ეტაპი, რაშიც 17 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა. მთლიანად აღიჭურვა ფაგების ისტორიული საწარმო. მოხდა ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მთლიანად გადაიარაღება. გარდა ამისა, პერსონალმა გაიარა ასეულობით საათიანი ტრენინგები ხარისხის და „ჯიემპის“ გაიდლაინების შესაბამისობის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, ფაგების ინდუსტრიაში დაიწყო მოდერნიზაციის პროექტი და ახალი ერა, რადგან ეს ქმნის ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომ ადგილობრივად და რეგიონულად ხელმისაწვდომი ფაგები და ფაგიოთერაპია ხელმისაწვდომი გავხადოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც.

- რა გეგმები აქვს კომპანიას ახალი პროდუქტების წარმოებისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებებით?

- ჯერჯერობით „ბიოქიმფარმი“ არის ერთადერთი აკრედიტებული ფარმაცევტული და „ჯიემპი“ სერტიფიცრებული წარმოება, რომელიც ფაგებზე დაფუძნებულ მედიკამენტებს ქმნის.  ეს მედიკამენტები რეგისტრირებული და ავტორიზებულია როგორც საქართველოში, ისე 8 საექსპორტო ქვეყანაში.

2024 წელს კომპანიამ გამოუშვა ახალი პრეპარატი „ფაგესტი,“ რომელიც ყველა არსებულ საექსპორტო ბაზარზე გახდა ხელმისაწვდომი. ეს პრეპარატი არის ახალი სიტყვა გასტროინტესტირალური ინფექციებისა და დაავადებების მკურნალობის სფეროში, ის განკუთვნილია კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის და ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ, რომ ეს პროდუქტი გახდება ისეთივე წარმატებული და პოპულარული, როგორიც“ფაგიოა“.

შემოდგომაზე კი ვგეგმავთ ორი ახალი პროდუქტის დამატებას. აღნიშნული პროდუქტების შემუშავებასა და ექსპორტზე გატანისთვის  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ერთ-ერთ საექსპორტო ბაზარზე წარმომადგენლობის გახსნის მიმართულებით და უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია.

- ზოგადად რა მოცემულობაა მსოფლიოში ფაგის ტექნოლოგიისა და ფაგოთერაპიის ბაზარზე, რატომ არის ეს მიმართულება განსაკუთრებულად აქტუალური?

- ფაგების აქტუალობა და ცნობადობა მსოფლიოში არა წლიდან წლამდე, არამედ თვიდან თვემდე მზარდია, რასაც ერთადერთი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი ანტიბიოტიკორეზისტენტობაა. ანტიბიოტიკები ხშირ შემთხვევაში ვეღარ უმკლავდებიან ბაქტერიულ ინფექციებს, რადგან ბაქტერიებმა გამოიმუშავეს იმუნიტეტი ანტიბიოტიკების მიმართ. დღეისათვის ანტიბიოტიკოთერაპიის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივა ფაგოთერაპიაა.  შესაბამისად, საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ ჩვენი ქვეყანა დამკვიდრდეს ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლის მსოფლიო ცენტრი, სადაც ის გახდება მკვლევარების, კვლევითი ინსტიტუტების, ბიზნესების, საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრის ადგილი და რეზისტენტობასთან ბრძოლის ჰაბი.

- მსოფლიოში საქართველო დიდი ხანია პოზიციონირებდა, როგორც ღვინის სამშობლო, ახლა კი სულ უფრო აქტუალური ხდება მისი, როგორც ფაგების ტექნოლოგიის სამშობლოს სტატუსი. რა პერსპექტივები აქვს ამ პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებას?

- დიახ, ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც. ქვეყანაში გაგვაჩნია 100-წლიანი ისტორია ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. ამაყები ვართ, რომ ისტორიული ქართული ფაგები უკვე ევროპულ, უმაღლესი სტანდარტების დაცვით იწარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, ათეულობით მილიონ ადამიანთან მივიტანოთ სიცოცხლის გადამრჩენი პრეპარატები.

Jandacva.ge

გამოგვყევით