CNN-ის ინფორმაციით, გერმანიის ინდუსტრიულ გიგანტმა Bosch-მა შესაძლოა ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლოს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც სირთულეებით აქამდეც გამოირჩეოდა.
კომპანიის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ მომდევნო წლებში Bosch-ი გეგმავს დაახლოებით 8,250 სამუშაო ადგილის შემცირებას გლობალურად. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სექტორი რთული ეკონომიკური პირობების, მაღალი ხარჯებისა და მზარდი კონკურენციის გამო გამოწვევებს აწყდება.
„რთული ეკონომიკური გარემო და ინდუსტრიაში მიმდინარე ტრანსფორმაცია სერიოზულ გამოწვევებს გვიწყობს. ამ პირობებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“- ნათქვამია Bosch-ის განცხადებაში.
გეგმიური შემცირებები, რომელთა ნაწილიც უკვე წელს გამოცხადდა, Bosch-ის გლობალური სამუშაო ძალის თითქმის 2%-ს შეადგენს. 2023 წლის ბოლოს კომპანიის შტატი 429,000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლიდა. 138-წლიანი კომპანიის პროდუქცია მოიცავს არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, როგორიცაა მაცივრები და ყავის აპარატები, ასევე სხვა კომპანიებისთვის საჭირო დანადგარებსაც.
გერმანიის ეკონომიკისთვის ახალი გამოწვევები და ეს სიახლე კიდევ ერთი დარტყმაა ევროპის უდიდესი ეკონომიკისთვის, სადაც წამყვანი მწარმოებლები ჩინური კონკურენციის, მაღალი შრომის ხარჯებისა და მაღალი გადასახადების გამოწვევებს განიცდიან. ამას ემატება ენერგიის ფასების ზრდა, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამწვავდა.
გასულ კვირას, Volkswagen-ის ათიათასობით თანამშრომელმა გერმანიის მასშტაბით გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა. ეს ნაბიჯი კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესს მოჰყვა, სადაც კომპანიამ არ გამორიცხა მასობრივი გათავისუფლებები და საწარმოების დახურვა. Volkswagen-ის თქმით, ეს ნაბიჯები მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.
წინა თვეში Thyssenkrupp-მა, გერმანიის უმსხვილესმა ფოლადის მწარმოებელმა, გამოაცხადა 11,000 სამუშაო ადგილის შემცირების გეგმა, რაც მისი საერთო შტატის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. კომპანია, ნაწილობრივ, აზიიდან იაფფასიანი იმპორტის ზრდას ასახელებს. ევროპული კომისიის უახლესი პროგნოზის მიხედვით, გერმანიის ეკონომიკა, რომელიც 2022 წელს პირველად შემცირდა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, წელსაც სავარაუდოდ შემცირდება.