logo
Loading data...

ECB-მ საპროცენტო განაკვეთები კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე დატოვა

ECB-მ საპროცენტო განაკვეთები კვლავ რეკორდულად მაღალ ნიშნულზე დატოვა

1709910000

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) სესხის აღების ხარჯებს კვლავ რეკორდულ მაჩვენებელზე ინარჩუნებს. თუმცა, ამავდროულად, ფრთხილად სინჯავს ნიადაგს, მოგვიანებით, წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად.

როგორც ცენტრალური ბანკი განმარტავს, მიღებულმა ზომებმა კარგი შედეგი აჩვენა ინფლაციის შემცირებაში.

ახლა კი, ECB-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საპროცენტო განაკვეთების პირველი შემცირებისთვის ემზადება. ეს კი, სავარაუდოდ, ივნისში მოხდება, ხელფასებისა და სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით.

კრისტინ ლაგარდმა მიანიშნა, რომ ეს სავარაუდოდ, ECB-ის 6 ივნისის შეხვედრაზე მოხდება, მას შემდეგ, რაც პირველი კვარტალის ხელფასების მონაცემები გამოქვეყნდება.

„ამ დროისთვის პროგრესი სახეზეა. დეკემბრის2.9%-იანი ინფლაციიდან, იანვარში 2.8%-ზე, თებერვალში კი, 2.6%-ზე ჩამოვედით. ასე რომ, არის გარკვეული კლება და მიზნისკენ მივდივართ. შედეგად, ჩვენ უფრო თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ არ ვართ საკმარისად დარწმუნებული და აშკარად გვჭირდება მეტი მტკიცებულება, მეტი მონაცემი. ვიცით, რომ ეს მონაცემები მომდევნო რამდენიმე თვეში გამოჩნდება. აპრილში ცოტა მეტს გავიგებთ, ივნისში კი, ბევრად მეტს“ - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ინფლაცია იმაზე უფრო დაბალი იქნება, ვიდრე, ცენტრალური ბანკი რამდენიმე თვის წინ ვარაუდობდა.

ახალ კვარტალურ ეკონომიკურ პროგნოზებში, ECB-მ ფასების ზრდის პროგნოზი წელს 2.7%-დან 2.3%-მდე შეამცირა და განაცხადა, რომ 2025 წლის ზაფხულში ინფლაციის 1.9%-მდე შემცირებას ელის, რაც ამ ნიშნულზე 2026 წლის ბოლომდე დარჩება.

ევროზონაში ინფლაციას თითქმის 18 თვის განმავლობაში შემცირების ტრენდი აქვს.

ეს ნაწილობრივ საწვავის ხარჯების მკვეთრი ვარდნის შედეგი იყო (რაც გაძლიერდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით) მაგრამ, ასევე, ასახავდა ECB-ის სესხის აღების ხარჯების მკვეთრ ზრდას, რამაც დაკრედიტება შეაჩერა.

თუმცა, ევროზონის ძირითადი ინფლაცია საკვებისა და საწვავის ფასების გარეშე გასულ თვეში კვლავ 3.1% იყო. მაშინ, როცა, მომსახურების ფასის ინდექსი - რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელფასების ზრდასთან - თითქმის 4%-ით გაიზარდა. ამიტომაც, კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა შიდა ინფლაციას - სერვისების ჩათვლით - როგორც ყველაზე ჯიუტ კატეგორიას.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ზრდა კვლავ სუსტი იქნება - ECB-ის პროგნოზით, ევროზონის მშპ, ნაცვლად დეკემბერში ნავარაუდები 0,8%-ისა, 0,6%-ით გაიზრდება.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით