ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petróleos de Venezuela აცხადებს, რომ ნავთობის მოცულობების გაყიდვის თაობაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ნავთობის მოცულობების გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს.
„ეს პროცესი ისეთივე სქემებით ხორციელდება, როგორიც საერთაშორისო კომპანიებთან, მაგალითად, Chevron-თან მოქმედებს. ის კომერციულ ტრანზაქციას, კანონიერების, გამჭვირვალობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპების დაცვას ეფუძნება“, – აღნიშნულია ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციას წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება უძღოდა. როგორც რუბიომ აღნიშნა, შტატები ვენესუელური ნავთობის შესასყიდად და გასაყიდად შეთანხმების დადებასთან ახლოსაა.
ცნობისთვის, PDVSA-ს ნავთობზე სანქციებს აშშ წლების განმავლობაში აწესებდა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ოთხშაბათს განაცხადეს, რომ ამ სანქციების ნაწილს გააუქმებდა და ვენესუელური ნედლი ნავთობის გლობალურ ბაზარზე გასაყიდად რეალიზაციას დაიწყებდა. ადმინისტრაციის განცხადებით, ამ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი აშშ-ის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე განთავსდება და აშშ-ის მთავრობის შეხედულებისამებრ განაწილდება.
1tv.ge