გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ავტომობილების მიწოდება 4.9%-ით შემცირდა, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში მოთხოვნის კლებამ განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ ბაზარს 2.38 მილიონი ავტომობილი მიაწოდა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.50 მილიონს შეადგენდა.
კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 17.4%-ით შემცირდა, დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ავტომობილების მიწოდება შესაბამისად 5.6%-ით და 5.9%-ით გაიზარდა.
„ჩინეთში გამწვავებულმა კონკურენტულმა გარემომ, ასევე ტარიფებმა და ელექტრომობილებზე სუბსიდიების გაუქმებამ, ჩვენს საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა“, — განაცხადა კომპანიის გაყიდვების აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა მარკო შუბერტმა.
კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 100-ზე მეტი ბრენდის კონკურენციის და ფასებზე ზეწოლის მიუხედავად, ჯგუფი საკუთარ სტრატეგიის ერთგული რჩება.
„ხარისხი რაოდენობაზე მაღლა“, — აღნიშნა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, Volkswagen დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ბაზარზე დარჩება ნომერ პირველ საერთაშორისო ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებლად.
ცნობისთვის, 2025 წელს Volkswagen-ის საბაზრო წილი ჩინეთში კიდევ უფრო შემცირდა და კომპანია მესამე ადგილზე ჩამოვიდა.
Volkswagen-ის მსგავსად, BMW-მ და Mercedes-Benz-მა ასევე განაცხადეს, რომ 2025 წლის ბოლოს გაყიდვები შემცირდა, რაც აშშ-სა და ჩინეთში სუსტი მოთხოვნით იყო გამოწვეული.
ანი ჯალაღონია