logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ადგილობრივ კომპანიებს TEMU-სა და სხვა უცხოურ ონლაინ მაღაზიებთან კონკურენცია უჭირთ, რის შედეგად მცირე და საშუალო ონლაინ მაღაზიები იხურება" - თამარ გოგოლაშვილი

ელექტრონული კომერციის ასოციაცია • Voice of Ecommerce-ის თანადამფუძნებლის თამარ გოგოლაშვილის განცხადებით, ადგილობრივ კომპანიებს TEMU-სა და სხვა "ქროსბორდერულ" (ვაჭრობა ან მომსახურება, რომელიც ერთ ქვეყნიდან მეორეში სრულდება) პლატფორმებთან კონკურენცია უჭირთ, რის გამოც მცირე და საშუალო ონლაინ მაღაზიები იხურება.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, თუ ყველასთვის ერთნაირი და სამართლიანი პირობები იქნება ადგილობრივ კომპანიებს კონკურენციის გაწევისთვის უფრო დიდი ბერკეტი მიეცემათ.

"ბაზარზე საკმაოდ დიდი პრობლემებია. მხოლოდ 2024 წელს, დაახლოებით, 1.5 მლრდ-მდე ლარი გავიდა ქვეყნიდან, საიდანაც დიდი წილი "ქროსბორდერულ" მაღაზიებში შევიდა. მათ შორის, ჩინური პლატფორმა TEMU პირდაპირ საქართველოში აგზავნის პროდუქციას, ანუ იგი კომერციულ საქმიანობას ეწევა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ასოციაცია ვითხოვთ თანაბარ პირობებს ბიზნესებისთვის. ვინაიდან ის, რასაც ჩვენ ქართული ბიზნესები ვიხდით გადასახადებს იმპორტის, დღგ-ს და ა.შ ზრდის პროდუქციის ფასს და არ შეიძლება, რომ ერთი ბიზნესი დაიბეგროს და მეორე ბიზნესი არ დაიბეგროს. თუ სამართლიანი პირობები იქნება ჩვენ გვექნება იმის ბერკეტი, რომ უფრო მეტად გავუწიოთ კონკურენცია სხვადასხვა გლობალურ ონლაინ მაღაზიებს.

ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო დადგა და ყველამ გარკვეული ზომები მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით. მაგალითად, ევროკავშირმა გააუქმა ზღვარი, რომელიც მაგალითად საქართველოში 300 ლარს შეადგენს. ეს იმიტომ, რომ ადგილობრივი მეწარმეობა დაეცვა და შესაბამისად, 2026 წლიდან ეტაპობრივად სრულიად მოიხსნება ზღვარი. ამასთან, ონლაინ მაღაზიებისთვის დადგინდება მინიმალური ზღვარი, რაც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ამანათისთვის, რადგან ძალიან დიდი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რაც სახელმწიფოსთვის უზარმაზარი ხარჯია. ეს ყველაფერი ქართული ბიზნესის შემცირებას იწვევს. ძალიან ბევრი ბიზნესი უკვე დაიკეტა, განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის კუთხით არის კოლაფსი, უამრავი ონლაინ მაღაზია იკეტება, ადამიანები სამსახურის გარეშე რჩებიან და ამ ყველაფერმა კი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყა. დიდი კომპანიები ჯერჯერობით ახერხებენ თავის გადარჩენას", - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

ასოციაციის თანადამფუძნებლის ცნობით, მათ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართეს სხვადასხვა უწყებებს, რათა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოხდეს. 

"ჩვენ ასოციაციის სახელით უკვე მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, კონკურენციის სააგენტოს და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს. შესაბამისად, უკვე დავიწყებთ სახელმწიფო სტრუქტურებთან საუბარს თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისთვის, რომ ქართული ელექტრონული კომერციის და ზოგადად რითეილის სრული კოლაფსი არ მივიღოთ. ეს ყველაფერი აისახება საცალო ვაჭრობაზეც, რადგან ხალხი აღარ ყიდულობს პროდუქციას საცალო მაღაზიებში, რადგან საერთაშორისო კომპანიები მათ შორის, საცალო ბიზნესსაც უწევენ კონკურენციას. აუცილებელია აღნიშნულ საკითხზე ვისაუბროთ და ჩვენი ეროვნული ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით გადავდგათ ნაბიჯები.

ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა კონკურენციის სააგენტოსთან და ისინი ნამდვილად ხედავენ პრობლემებს. მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებია აქტუალური. მაგალითად, TEMU-ს და სხვა საიტებს ჩვენი უირისდიქცია ვერ არეგულირებს - შესაბამისად, მომხმარებლის უფლებები დაცული არ არის. გარდა ამისა, არ შეიძლება არათანაბარი რეგულაცია არსებობდეს პროდუქციის შემოწმების ნაწილში. იმპორტიორებს, რომლებსაც პროდუქცია შემოგვაქვს კონკრეტული სერტიფიკატები გვჭირდება, რაც პროდუქციის ღირებულებას ზრდის. მაგრამ საფოსტო გზავნილებით შემოსული ამანათები არ მოწმდება", - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი. 

გამოგვყევით